გვარამია იმ პრობლემებს, რაც მისი თქმით, ტელეკომპანია ამ გადაწყვეტილების გამო შეექმნება, ასე აყალიბებს:
“არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ტელეეთერებში ხედავთ. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს ისე როგორც არასდროს, ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში ვიყენებდით.
ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი. ის როცა სარეკლამო დროს ყიდის, რამდენიმე თვის შემდეგ იღებს შემოსავლებს. ამ რადმენიმეთვიანი პაუზის ფინანსური რესურსებით ამოსავსებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურება, განსაკუთრებით ზაფხულის და საახალწლო პერიოდების შემდეგ, როცა ცოტაა შემოდინება. როგორც ყველა ჯანსაღი და ნორმლაური ბიზნესი, ჩვენ ვიყენებდით ბანკს, როგორც დამხმარე ფინანსურ ინსტიტუციას. კრედიტების და ოვერდრაფეტების მეშვეობით ჩვენ ვყიდულობდით ტექნიკას, ვფარავდით ხელფასებს, მაშინ, როდესაც ფინანსური სახსრების მოძრაობა შეჩერებული იყო ჩვენი სეზონურობის გამო. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა და წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ ეს გზა ჩაგვკეტოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან, მათ შორის უშუალო კონკურენტებთან მიმართებით.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის ხელისუფლების თამაში, თუ ვინმე ფიქრობდა, რომ იქნებ ხალვაში საკუთარი ქონებისთვის იბრძის, დღეს ხელისუფლებამ ყველა ეს ეჭვი გაფანტა თავისი სამარცხვინო ნაბიჯით. დღეს ხელისუფლებამ შეგვიზღუდა ერთადერთი ალტერნატიული გზა, გვქოდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვიდგას. ეს ერთადერთი გზა არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ადამიანისგან, რომელიც დიახ, არის დავით კეზერაშვილის ნათესავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ სხვა ინვესტორი. არც გვჭირდებოდა არანაირი ინვესტორი, ხელისუფლებას ამ მდგომარეობაში რომ არ ჩავეგდეთ, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ დაგვიტოვეს”, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ ინვესტორი არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა.
მისივე თქმით, ქიბარ ხალვშს რომ მართლაც რუსთავი 2 სურდეს, მისთვის ამ ინვესტორის მოზიდვის პროცესი ხელსაყრელი უნდა იყოს, რადგან საქმის მოგების შემთხვევაში 6 მილიონი დოლარით მეტ კაპაიტალს მიიღებს, თუმცა ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ იგი ხელისუფლებასთან ერთად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იბრძვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მოთხოვნით უკვე აქამდეც დაყადაღებული იყო რუსთავი 2-ის წილები და ქონება.
როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, ხალვაშის სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია საქართველოს წილი სხვა პირმა იყიდა, რაც ასევე იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.
საჯარო რეესტრში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც 29-30 სექტემბერით თარიღდება, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.
ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით შემდგეგი გრაფიკით:
2015 წლის 5 ოქტომბრამდე – 700 ათასი აშშ დოლარი;
2015 წლის ოქტომბრის თვეში – 600 ათასი აშშ დოლარი;
2015 წლის ნოემბერი – 700 ათასი აშშ დოლარი;
2015 წლის დეკემბერი – 1 მლნ აშშ დოლარი;
არაუგვიანეს 2017 წლის 1 თებერვლისა – 3 მილიონი აშშ დოლარი.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია საქართველოს წილის დაყადაღებაზე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც დაწერა ფეისბუკში: “3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს რუსთავი 2 დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.”