ახალი ამბები

მუსლიმი ლიდერები სუს-ში დაიბარეს „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში – EMC | Covid-19

16 აპრილი, 2020 •
მუსლიმი ლიდერები სუს-ში დაიბარეს „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში – EMC | Covid-19

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იუწყება, რომ მუსლიმი სასულიერო პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს; ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი მათგნის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის დარღვევის კრტიკა Covid-19-ის პანდემიის პირობებში.

EMC-ის ცნობით, სუს-ში დაბარებულები არიან შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი.

„სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. მათ არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – იუწყება EMC.

ორგანიზაციის ცნობით, მირტაგ ასადოვი ამასუკავშირებს გუშინ, 15 აპრილს, ტელეკომპანია მთავარში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს, სადაც განმარტა, რომ „საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა „ჩვენ-სხვები“ სწორი არ არის“.

„ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ დღესასწაულზე ეკლესიები არ დაიკეტებოდა, მან კითხვითვე უპასუხა: „მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ, პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა“.

„მირტაგ ასადოვის განმარტებით, ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო“, — აცხადებს EMC.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სუს-ს დამატეიბთი ინფორმაციის მისაღებად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება:

მუსლიმი ლიდერების სუს-ში დაბარების 2 ვერსიაა, ორივე პრობლემურია – ადვოკატი


Covid-19-ის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დაწესებულია არაერთი შეზღუდვა, მათ შორის იკრძალება სამზე მეტი ადამიანის ერთდროულად შეკრება.

პანდემიის გავრცელებასთან ერთად საქართველოში რამდენიმე რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა მსახურების წესები შეცვალეს, შემდეგ კი მთლიანად შეწყვიტეს და მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. მათ შორისაა მუსლიმთა სამმართველო, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით მეჩეთებში ლოცვა მთლიანად შეაჩერა.

ამის პარალელურად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს, მსახურებას აგრძელებს. ეკლესიის წარმომადგებლები აცხადებენ, რომ მრევლი იცავს ტაძრებში დისტანცირების წესებს, თუმცა ამით პანდემიის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ უცვლელი დარჩა საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკა.

არაერთი კრიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესებში გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის დაკისრებულ მოვალეობას და ვერ ახერხებს, გავლენიანი მართლმადიდებელ ეკლესიის მიერ შექმნილი საფრთხე ააცილოს მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი