ამ საკითხზე ადეიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გადაცემა “ნანუკას შოუში” ისაუბრა. ადეიშვილის განმარტებით, იმ დროს, როცა იუსტიციის მინისტრი იყო და ქვეყანას მკაცრი ნარკოპოლიტიკა ჰქონდა, ეს განპირობებული იყო კრიმინალისადმი “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკით, რადგან მისი თქმით, ნარკოდანაშაული სხვა დანაშაულების წყაროს წარმოადგენდა.
“ჩვენ ვიყავით მკაცრი ნარკოპოლიტიკის მომხრე იმის გამო, რომ ეს იყო ძირითადი წყარო სხვა დანაშაულების. დღეს მე უფრო დავუჭერდი ამას მხარს, ვიდრე არა”, – განაცხადა ადეიშვილმა.
მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან დინამიკური უნდა იყოს. როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, თავიდან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სწორი იყო, თუმცა “ძალიან სწრაფად უნდა გადავსულიყავით ლიბერალიზაციაზე, როცა დავინახეთ, რომ შედეგებს მივაღწიეთ”, – განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, რომლის მიმართ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, როცა ხელისუფლებაში ენმ ქართულმა ოცნებამ შეცვალა.