ახალი ამბები

ნარკოტიკის მოხმარების დასადგენად პირის გამოსაკვლევად წარდგენის ახალი ინსტრუქცია

30 სექტემბერი, 2015 •
ნარკოტიკის მოხმარების დასადგენად პირის გამოსაკვლევად  წარდგენის ახალი ინსტრუქცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მიზნებისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის უფლება აქვთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, აგრეთვე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.

 

გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლები:

 

1. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით მოსამსახურე უფლებამოსილია, პირი სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

 

ა) მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს;

 

ბ) მოსამსახურის მიერ „პოლიციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

 

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.

 

2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებისათვის მოსამსახურის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასებას.

 

გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურა:

 

1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე სთავაზობს პირს, ნებაყოფლობით დათანხმდეს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაყვანაზე.

 

2. მოსამსახურე ვალდებულია განუმარტოს პირს, რომ გამოკვლევა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე.

 

3. თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, მოსამსახურე უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად.

 

4. მოსამსახურე ვალდებულია, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების/გარემოებების შესახებ.

 

5. დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი