“2012-2014 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების სახით გაწეულია 18 280.0 ათასი ლარის საკასო ხარჯი. მათ შორის, 2012 წელს – 3 664.2 ათასი ლარი, 2013 წელს – 6 377.4 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს – 8 238.4 ათასი ლარი”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, თბილისის საკრებულოს არ შეეძლო 2013-2014 წლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლი წლის განმავლობაში გაეზარდა თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის 1/12-ზე მეტი ოდენობით. ამის მიუხედავად, 2013 წელს მუხლი გაზრდილია 2 139.0 ათასი ლარით, ხოლო 2014 წელს- 799.1 ათასი ლარით. გაზრდილი თანხით ძირითადად პრემიებია დაფინანსებული.
“2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1 095.9 ათასი ლარი, რაც „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით დახარჯული თანხის 42,7 %-ს შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობა 2 863.2 ათასი ლარია, თანამდებობრივი სარგოს – 81,5%. 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4 249.8 ათას ლარს შეადგენს, აღემატება თანამდებობრივ სარგოს და ამ მუხლის 106,5%-ია. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200%-300%-ის ოდენობით”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში.
“საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის მოხელეებზე დანამატის გაცემის წესი საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის – ბრძანების სახით, რითაც დაირღვა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე დანამატის სახით გაცემულია 36.4 ათასი ლარი. აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდა 2015 წელსაც”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74.3 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისათვის დაიხარჯა 52.3 ათასი ლარი.
„წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან 55.5 ათასი ლარი დახარჯულია საჩუქრების შესაძენად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საჩუქრები შესყიდულია საკრებულოს სტუმრებისათვის, მათ შორის 7.1 ათასი ლარის ალკოჰოლური სასმელები”, – ნათქვამია ანგარიშში. ამას გარდა, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ საკრებულოს კუთვნილ ზოგიერთ ავტომანქანაზე დოკუმენტირებულად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად (71% – 89%-ით) აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს.
“2012-2014 წლებში სარევიზიო კომისიის შენახვის ხარჯებმა 1 507.6 ათასი ლარი შეადგინა. საკრებულოს არ მოუსმენია ინფორმაცია სარევიზიო კომისიის არც ერთი შემოწმების შესახებ და არ განუხილავს აქტებში დაფიქსირებული დარღვევა-ნაკლოვანებები. აგრეთვე, სარევიზიო კომისიას წარმომადგენლობით ორგანოში არ წარუდგენია თავისი საქმიანობის ანგარიშები”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ანგარიშში მოყვანილ საკითხებსა და კანონდარღვევებზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე უპასუხებს ბრიფინგზე, რომელიც ხვალ, 1 ოქტომბერს გაიმართება.





