ახალი ამბები

პროკურატურა: ნათია მეზვრიშვილს არასოდეს უსარგებლია ე.წ. ნარუშილოვკით

30 სექტემბერი, 2015 •
პროკურატურა: ნათია მეზვრიშვილს არასოდეს უსარგებლია ე.წ. ნარუშილოვკით

პროკურატურის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არც მანამდე მას სარგებლობაში არ ჰქონია  ზემოაღნიშნული საშვი. 


“ნ.მეზვრიშვილის სარგებლობაში არსებულ სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შს მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესის  საფუძველზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია თანხმობის დამადასტურებელი მოწმობა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებულ დამუქებაზე, რომელიც ნ.მეზვრიშვილის მიერ წარედგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დამუქების შემოწმების დროს. ნათია მეზვრიშვილი მისი განმარტებით რამოდენიმეჯერ მართლაც არის გაჩერებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ავტომანქანაზე მინების დამუქების გამო, რა დროსაც ამოწმებენ ხსენებული ნებართვის არსებობას. გუშინ გადაცემა „არჩევანის“ მიერ გავრცელებული ფაქტი ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას ასახავს.


„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პროკურატურა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს როგორც გამოძიებას, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად პროკურატურის თანამშრომლები სამსახურეობრივი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოიყენონ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებულ აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი“.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სრულად იყო ინფორმირებული, რომ ნათია მეზვრიშვილს არასოდეს ჰქონია სარგებლობაში სპეციალური საშვი, ტელეკომპანიის მხრიდან მაინც მოხდა აღნიშნული არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რასაც ჩვენ ვაფასებთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ჩვენს პოზიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა, რა დოკუმენტი მოითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და რა წარუდგინა მას მეზვრიშვილმა.

საქართველოს პროკურატურას პროკურატურის მუშაკის ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მუშაკთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე შემუშავებული აქვს მკაცრი პოლიტიკა. პროკურატურის არც ერთი თანამშრომელი არ სარგებლოს არანაირი პრივილეგიით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რაზეც მეტყველებს 2014 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პროკურატურის თანამშრომლების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  21, ხოლო 2015 წელს შედგენილი 25 ოქმი. 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ახდენს სათანადო რეაგირებას, რაზეც მხოლოდ 2014-2015 წლებში დისციპლინური წესით დასჯილია პროკურატურის 11 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართადარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით 6 პირი დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი