ახალი ამბები

როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას – „კურაციოს“ მკვლევრები

14 აპრილი, 2020 • 2324
როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას – „კურაციოს“ მკვლევრები

რა სიჩქარით იზრდება ეპიდემია საქართველოში? ავლენს თუ არა ჯანდაცვის სისტემა ყველა დაინფიცირებულს? რა შედეგი გამოიღო სახელმწიფოს მიერ გატარებულმა სხვადასხვა ღონისძიებამ Covid-19-ის შესაჩერებლად/ტალღის შესამსუბუქებლად? კიდევ რისი გათვალისწინებაა საჭირო ამ პროცესში?

ამ კითხვებს სცემს პასუხს „საერთაშორისო ფონდ კურაციოს“ მკვლევართა ჯგუფის მოსაზრება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციების გაანალიზებას. „კურაციო“ ჯანდაცვის სფეროში გავლენიანი კვლევითი ფონდია. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მკვლევართა ჯგუფის მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებულ მოსაზრებებს:

რა სიჩქარით იზრდება ეპიდემია საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დღიურად გამოვლენილი შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 85%-იანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით ექსპონენციალურად (ჯერადად, მკვეთრად) არ იზრდება.

შემთხვევევბის ზრდა წრფივი – ნელი ტენდენციით ხასიათდება, რაც საქართველოს მნიშვნელოვნად განასხვავებს ბევრი ევროპული თუ მეზობელი ქვეყნისგან. COVID-19-ის პირველი 100 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღეში 7.5%-ით იზრდება მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყანებში 20-35%-იანი დღიური ზრდა, ანუ ექსპონენციური ზრდა აღინიშნებოდა.

თუ საქართველოში შემთხვევათა ზრდა ასეთივე ტემპით გაგრძელდა, მაშინ, სავარაუდოდ, მომდევნო 10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ის ფარგლებში იქნება.

თუმცა, ეს მხოლოდ იმ დაშვებით,  რომ დღეისთვის სახელმწიფომ აბსოლუტურად ყველა დაინფიცირებული პირი გამოავლინა, რაც ალბათ მცდარი დაშვებაა იმის გათვალისწინებთ, რომ აგრესიული/გაფართოებული ტესტირება მხოლოდ ამ დღეებში იწყება (12 აპრილი).

შესაბამისად, თუ ვივარაუდებთ, რომ დღეს დაინფიცირებულთა მხოლოდ 50-60% არის გამოვლენილი, მაშინ მომავალ ათ დღეში შეიძლება 850-1400 ახალ პაციენტს ველოდოთ, რომელთაგან ალბათ გარკვეულ ნაწილს  დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ნაწილი სიმპტომებით სახლში დარჩება, ნაწილი კი საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანს ვირუსულ ინფექციას.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ზუსტად ვერავინ იტყვის, მომდევნო ათ დღეში რამდენი შემთხვევა იქნება, თუმცა სავარაუდო რაოდენობაზე მსჯელობა შესაძლებელია და აუცილებელიც.

ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება, რომ პაციენტების ნაწილს, რომელთაც მსუბუქი ფორმით გამოუვლინდებათ დაავადება, ბინაზე მოვუაროთ ოჯახის ექიმების დახმარებით და ეს პრაქტიკა რაც მალე დაიწყება, მით უკეთესი იქნება.

რა ეფექტი გამოიღო სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა?

ამ ნაწილში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რამდენიმე ასპექტზე და შევეცდებით თოთოეულს ცალ-ცალკე შევეხოთ [ქვესათაურები ნეტგაზეთის ჩამატებულია].

1. კარანტინში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ზუსტად უნდა ვიცოდეთ

პირველი არის ის, რომ 10 მარტის შემდეგ საზღვრის კვეთის (საჰაერო და სახმელეთო) გამო კარანტინში სახელმწიფომ დაახლოებით 9 000-მდე ადამიანი გადაიყვანა, რომელთაგან თითქმის ნახევარმა კარანტინი უკვე დატოვა. სამწუხაროდ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუ მათგან  რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა COVID19.

თუმცა საზოგადოებამ მედიასივრციდან იცის იტალიიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან და ა.შ. შემოტანილი შემთხვევების შესახებ, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ კარანტინმა სასურველი შედეგი გამოიღო და ჩვენი საზოგადოება იმპორტირებული შემთხვევებისგან მეტ-ნაკლებად დაიცვა.

სამომავლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, ალბათ, აუცილებელი იქნება, რომ კარანტინში გამოვლენილი შემთხევევბის რაოდენობა ზუსტად იყოს ასახული ყოველდღიურ ეროვნულ სტატისტიკაში. ეს საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ კარანტინის სამომავლო აუცილებლობაზე, ამ ინტერვენციის შედეგად მიღებულ შედეგზე და მის ხანგრძლივობაზე.

დრო დადგება და ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როდემდე იყოს საზღვრები ჩაკეტილი, რომელსაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი სდევს თან.

2. კონტაქტების გამოვლენა უკიდურესად მნიშვნელოვანია

მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამოვლენილი პაციენტების კონტაქტების იდენტიფიცირება და მათი იზოლაცია, რაც დაახლოებით 1 300-1 400 ადამიანს შეეხო და რომელთა კარანტინში გადაყვანა მოხერხდა.

აქ უნდა აღვნიშნოთ ეპიდემიოლოგების, პოლიციელების და სხვა სტრუქტურების დამსახურება მათი დიდი შრომის და ენერგიის ფასად. კონტაქტების დროულმა იზოლაციამ კიდევ უფრო მეტად შეუშალა ხელი ინფექციის გავრცელებას.

თუმცა ეს მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდია, მედიის მიერ კლასტერებზე გახმიანებული რეპორტაჟების საფუძველზე, რადგან არც ეს ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია არ ქვეყნდება დაავადებათაკონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

ეს ნიშნავს, რომ ზუსტად არ ვიცით, დადგენილი კონტაქტების რა ნაწილში მოხდა ინფექციის გადადება, შემდგომ კი, შემთხვევის დადასტურება. არადა, ეს ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ვთვლით, რომ ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში განთავსება ყველას დაგვეხმარება, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ეპიდემიის გავრცელების ანალიზში, რაც შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობისთვის აუცილებელი იქნება.

თუ ინფიცირებულთა 50-70%-ის გამოსავლენად კონტაქტების დროული გამოვლენა და მათი დროული იზოლაცია ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეფექტური მეთოდია, იქნებ სჯობს, რომ სწორედ აქეთ მივმართოთ ჩვენი ენერგიის მაქსიმუმი და ამ გზით შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება, როგორც ამას სამხრეთ კორეა დღემდე ახერხებს.

3. რამდენად ეფექტურია გამკაცრებული ღონისძიებების ეფექტურობა

მესამე საკითხი ეხება „სოციალური“ (ფიზიკური) დისტანცირების იმ მეთოდების ერთობლიობას, რომელსაც მთავრობა მარტის დასაწყისიდან ეტაპობრივად ამკაცრებს.

Google-ის მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული მობილურობის ანგარიშის მიხედვით (რომელიც წარმოაჩენს მდგომარეობას 5 აპრილის მდგომარეობით) აშკარაა, რომ ამ მეთოდებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ფასის გადახდის ხარჯზე.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 31 მარტს გამკაცრდა, Google-ის 29 მარტის და 5 აპრილის ანგარიშებს შორის დიდი სხვაობა არ აღინიშნება – რამაც გამკაცრებული ღონისძიებების ეფექტურობაზე უნდა დაგვაფიქროს.

ასევე, სხვა ქვეყნებთან შედარებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ „საუკეთესო“ შედეგს მიაღწია და ვერც ვერავინ იტყვის, რას ნიშნავს „საუკეთესო“ შედეგი, რომელიც ერთი მხრივ, ფარდობითი ცნებაა, მეორე მხრივ კი, მეტად არის დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სპეციფიკაზე.

მეთოდოლოგიური შენიშვნა

  • გუგლის ბოლო, 5 აპრილის მონაცემებით,  საქართველოში
    • გართობის, დასვენების და ვაჭრობის ადგილებში 68%-ით არის შემცირებული მოსახლეობის ნაკადი;
    • სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში — 36%-ით
    • პარკებში — 23%-ით;
    • სატრანზიტო სადგურებში — 56%-ით;
    • სამუშაო ადგილებზე — 43%-ით;
    • საცხოვრებელ სახლებში კი 14%-იანი ზრდა არის;
  • თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული 1) სმარტფონის არმქონე მოქალაქეები 2) ეკლესიების საკითხი, სადაც გავრცელების რისკი მაღალია;

ჯერჯერობით ფაქტი მხოლოდ ერთია – საქართველოში გამოვლენილი შემთხვევები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნელი ტემპით იზრდება – დაახლოებით 7.5%-ით დღეში, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ უკეთ მოამზადოს ჯანდაცვის სისტემა, მოახდინოს საავადმყოფოების და მედპერსონალის მობილიზაცია, მოიმარაგოს ტესტები, პირბადეები, პირადი დაცვის საშუალებები ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პროფესიონალებისთვის, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, შეიმუშაოს პაციენტთა მართვის კლინიკური პროტოკოლები და გადაამზადოს კადრები.

ეს ყოველივე აუცილებელია საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად და არა მხოლოდ იმ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, ვისაც COVID-19 დაუდგინდება და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ, არამედ მათთვისაც, ვისაც COVID-19-ის გარეშეც სჭირდებათ ექიმების დახმარება და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ერთი სიტყვით, ამ დროის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, თუ მოგებულ დღეებს და კვირებს ეფექტურად გამოვიყენებთ და უკეთ მოვემზადებით, როგორც ქვეყანა.

4. არსებული მნიშვნელოვანი კითხვები

მეოთხე ეხება იმ ეკონომიკურ ზარალს, რომელსაც ამ ეპიდემიის გამო ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად იღებს.

ეს მარტო საქართველოს გულისტკივილი არ არის და განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში ხშირად ისმის უცხოურ მედიაში საუბარი, თუ რა ჯობია – სიღარიბე და შიმშილი გამოწვეული საგანგებო მდგომარეობით, თუ სამომავლო და ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური სიდუხჭირით.

რადგან ეს ეკონომისტების თემაა, ჩვენ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ და ასპარეზს ამ სფეროს პროფესიონალებს დავუთმობთ. თუმცა ამ პრობლემების ეკონომიკური მოგვარება მნიშვნელოვნად ეფუძნება ეპიდემიის სამომავლო გავრცელების (საშუალო და გრძელვადიან) პროგნოზსაც და ჩვენ სწორედ ამაზე შევჩერდებით.

საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, რამდენი ხანი გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და როდის დაიწყოს “სოციალური” (ფიზიკური) დისტანცირების ღონისძიებების ეტაპობრივი შერბილება ისე, რომ ეკონომიკური ცხოვრება გააქტიურდეს და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესდეს?

ამ გადაწყვეტილებების მისაღებად რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად (ეპიდემიოლოგიური კუთხით). კერძოდ:

  • რომელი ინტერვენციები გვაძლევს ეპიდემიის კონტროლის ყველაზე მეტად ეფექტურ შედეგს?
    • საზღვრის კვეთისას კარანტინის ღონისძიებები, იმპორტირებული შემთხვევებისგან რომ დავიცვათ თავი?
    • კონტაქტების დროული იზოლაცია და კარანტინში განთავსება, რათა გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი?
    • თუ “სოციალური” (ფიზიკური) დისტანცირების აგრესიული მეთოდები?

სამწუხაროდ, იმ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე, რომელსაც ზემოთ შევეხეთ, ნებისმიერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მარჩიელობა იქნება. რამდენადაც მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გასაჯაროება, მარტო ამ ინფორმაციის არსებობა არ იქნება საკმარისი წინაპირობა იმისთვის, რომ ამ კითხვებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ამიტომ, ჩვენი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • როგორია COVID19-ის ბიოლოგიური მახასიათებლები? მაგალითად, გარემოს ტემპერატურასთან დამოკიდებულებაში ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა?
  • დაავადების შემთხვევაში როგორია ჩვენი იმუნური სისტემის პასუხი და მდგრადობა? საზოგადოების რა წილი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებმაც შესაძლოა დაავადება უკვე უსიმპტომოდ გადაიტანა?

სავარაუდოდ, ამ კითხვებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება პასუხს 4-8 კვირაში გასცემს და, ვფიქრობთ, ამ დროისთვის ჩვენც უფრო მეტი გვეცოდინება, თუ ჩვენი ეს მოლოდინი ვადებთან მიმართებაში ზომაზე მეტად ოპტიმისტური არ არის.

  • რა პერსპექტივებია სამკურნალო პრეპრატების თუ ვაქცინის შექმნის კუთხით?

აქ სასაუბრო ბევრია, რადგან უკვე მარტის პირველი კვირიდან მოყოლებული მრავალ გლობალურ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, შეიქმნა აქსელერატორები, რომლებიც სამკურნალო და პროფილაქტიკურ მედიკამენტებზე და ვაქცინებზე მუშაობენ.

აპრილის პირველი კვირიდან უკვე ორი პრეპრატის კლინიკური კვლევა დაიწყო გლობალური ფონდების/დამფინანსებლების ხელშეწყობით და ასევე დაწყებულია შესაძლო ვაქცინის კლინიკური გამოცდაც.

ამ მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ დაცდა გვმართებს

  1. სანამ ადეკვატურ მედიკამენტს ან ვაქცინას მიაგნებს მსოფლიო;
  2. სანამ ამ პრეპრატების წარმოება დაიწყება იმ მოცულობით, რომ ჩვენამდეც მოაღწიოს;

ამიტომ, ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები უცნობია, მაგრამ იმედია, ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო მიაგნებს პასუხებს, თუმცა, სავარაუდოდ, ამას სულ მცირე 6-დან 18 თვემდე დასჭირდება.


დასასრულს, ვფიქრობთ, რომ საქართველოში ეპიდემიის განვითარების დღევანდელი ტემპი გვაძლევს დროის მოგების საშუალებას, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, მეორე მხრივ კი, მსოფლიო მეცნიერების მიღწევებს დაველოდოთ, რომ ხვალ უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ, ვიდრე დღეს.

თუმცა ეს „ხვალ“ ვერ იქნება თვეები და, ალბათ, სამომავლო ნაბიჯებზე კვალიფიციური და კონსტრუქციული მსჯელობა დღესვე უნდა დაიწყოს, არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერიდან. ეს მსჯელობა ალბათ სხვაგვარ ფორმატს მოითხოვს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე, სამთავრობო წრეებში.

გამოწვევა იმდენად დიდია, რომ ცალკეული ორგანიზაციები, ექსპერტები თუ მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები დამოუკიდებლად ვერ მოერევიან. ამიტომ, ალბათ, რაც უფრო დროულად შევქმნით კვალფიციური მსჯელობის სივრცეებს და ერთობლივად ჩამოვაყალიბებთ შესაძლო გამოსავლებს, მით უფრო მეტი მზაობით შევხვდებით მომავალს, როგორც ქვეყანა.


გირჩევთ ასევე:

რატომაა კონტაქტების შემცირება აუცილებელი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი