ახალი ამბები

მეორე მღვდელს Covid-19 არ დაუდასტურდა

14 აპრილი, 2020 • 1222
მეორე მღვდელს Covid-19 არ დაუდასტურდა

მეორე სასულიერო პირს, — რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, — კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. თუმცა ერთი სასულიერი პირის ინფიცირებას ადასტურებს როგორც ბოჭორიშვილის კლინიკა, სადაც არის გადაყვანილი, ასევე, საპატრიარქო.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ 14 აპრილის დილას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ კლინიკაში გადაყვანილ მღვდელს Covid-19 არ დაუდასტურდა:

„ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით ავადმყოფი, გადაყვანილი იქნა სპეციალურ განყოფილებაში და იქ იზოლირებულად განაგრძობს მკურნალობას“, -თქვა ეზუგბაიამ. მის თანახმადვე, შესაძლოა, პაციენტი დღესვე გაეწეროს.

Covid-19-ით ინფიცირება ამ დროისთვის დაუდასტურდა, სულ მცირე, ერთ სასულიერო პირს, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას.

როგორც 14 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, სასულიერი პირი მათ კლინიკაში გუშინ, 13 აპრილს მოათავსეს ოჯახის წევრებთან ერთად.

„ნეტგაზეთს“ საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ აღნიშნულმა მღვდელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა რამდენიმე დღის წინ. თუმცა გვითხრეს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

ბოჭორიშვილის კლინიკის თანახმად, მღვდელს მშრალი ხველა და მაღალი სიცხე აქვს. „სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი“, – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა, მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო, 14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირება 296 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 68 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

კარანტინის რეჟიმში 4838 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი- 434.


მართლმადიდებელი ეკლესია, თეოლოგებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილის მოწოდებისა და ვირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ამ დრომდე არ წყვეტს მსახურებას და აცხადებს, რომ მრევლი სოციალური დისტანცირების წესებს იცავს. ამასთან, სასულიერო პირები აგრძელებენ საერთო კოვზით ზიარების პრაქტიკას.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 6 აპრილს მრევლს მოუწოდა, არ მივიდნენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ სახლში ილოცოს, რათა „დაიცვას როგორც ეკლესია, ასევე, მთლიანად ქვეყანა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი