ახალი ამბები

მღვდელმა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, რამდენიმე დღის წინ ჩაატარა მსახურება – საპატრიარქო

14 აპრილი, 2020 • 4138
მღვდელმა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, რამდენიმე დღის წინ ჩაატარა მსახურება – საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირმა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, რამდნეიმე დღის წინ სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა.

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მიაწოდეს და გვითხრეს, რომ ამ დორისთვის სხვა დეტალებს ვერ დაგვიზუსტებენ.

“ნეტგაზეთმა” საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ჰკითხა, ესწრებოდა თუ არა მრევლი აღნიშნულ მსახურებას, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

პაციენტი გუშინ, 13 აპრილს, ბოჭორიშვილის კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად მოათავსეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

“დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი”, – განმარტა სოლოღაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის დროსაც 3-ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში ყოფნა აკრძალულია (გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომელთა შორის კანონის მიხედვით, ეკლესია არაა), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეუცვლია, მრევლი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.

პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს მიეცა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა, დიდ ტაძრებში კი შეზღუდული რაოდენობით დაესწრონ მსახურებას. ასევე, მოუწოდეს სასულიერო პირებს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

ამავე თემაზე

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი