ახალი ამბებისაზოგადოება

უფრო აფასებენ ჩვენს შრომას და ხვდები, რომ საჭირო ხარ – კურიერის ფოტოამბავი

14 აპრილი, 2020 • 2552
უფრო აფასებენ ჩვენს შრომას და ხვდები, რომ საჭირო ხარ – კურიერის ფოტოამბავი

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად განსაკუთრებით გაიზარდა მიტანის სერვისში დასაქმებული ადამიანების საქმე და როლი. ქალაქში გადაადგილებისას ხშირად შეხვდებით მოპედებზე სხვადასხვა ფერის ჩანთებით მოძრავ ადამიანებს, რომლებიც საკვებითა და სამედიცინო დანიშნულების ნივთებით ამარაგებენ სახლში თუ სამსახურებში დარჩენილ მოსახლეობას.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორია კურიერების ყოველდღიურობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად მოსახლეობა შენობების დატოვებისგან მაქსიმალურად იკავებს თავს.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ადამიანები მართლა აფასებენ ჩვენს შრომას და ხვდები, რომ საჭირო ხარ. სანამ ეს გრძნობა გაქვს, ესე იგი რაღაც მისიაც გაგაჩნია”, – ამბობს ნიკა გოგუა, რომელიც წელიწად-ნახევარია, რაც  კურიერია. ნიკა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ყვება, რომ მისთვის კურიერად მუშაობამ ამ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, რადგან მის პირდაპირ საქმიანობად ადამიანების დახმარება იქცა.

ნიკა მუშაობას ყოველდღე, დილის 11 საათზე იწყებს და 9 საათის განმავლობაში თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა ქუჩაზე უწვეს გადაადგილება. კვირის განმავლობაში 120-ზე მეტ მისამართს სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული სტუმრობს.

ნიკას თქმით, საგანგებო სიტუაციის პირობებში განსაკუთრებით იმატა სურსათის მაღაზიებიდან პროდუქტის მიტანის მოთხოვნამ, მისი კლიენტები კი ყველა ასაკის ადამიანები არიან, მათ შორის, ხანშიშესული მომხმარებელიც, რომლებიც მას განსაკუთრებული სითბოთი ხვდებიან და ხშირად სახლშიც იპატიჟებენ ხოლმე.

თუმცა მას დასვენების დრო თითქმის არ რჩება, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი პროფესიის მიმართ, მით უმეტეს, ამ პერიოდში, როდესაც უამრავი ადამიანი ელოდება მის ამანათს.

როგორც ნიკა გვიყვება, მის პროფესიულ პასუხისმგებლობას საზოგადოებაც აფასებს და ხშირად მაღაზიასთან რიგში დგომისას სხვა მომლოდინეები საკუთარ ადგილსაც უთმობენ.

“აქამდე თუ კურიერები თითქოს მიჩქმალულები ვიყავით, ახლა უფრო წინა პლანზე წამოვედით ამ სოციუმში და უკვე ძალიან გამოვჩნდით, ამას ხალხიც ხედავს და აფასებს, რაც ძალიან კარგი გრძნობაა და მეტ მოტივაციას მაძლევს”, – ამბობს ნიკა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, ნიკას განმარტებით, ამ მხრივ ხალხის მგრძნობელობაც მაღალია: “თითქმის ყველა ადამიანი პირბადეებით და ხელთათამანებით გვხდება, ხანდახან კი დისტანციური მიტანის სერვისით სარგებლობენ და შეკვეთას კართან ვუტოვებთ ხოლმე. ალბათ ამიტომ არ მეშინია, რომ შეიძლება კორონავირუსი მეც დამემართოს. გარდა ამისა ჩვენც მაქსიმალურად ვიცავთ წესებს, ყოველი შეკვეთის მიტანისას და აღებისას სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებთ ხელებს, გვიკეთია პირბადეებიც და ხელთათმანებიც”, – ამბობს ნიკა.

ნიკას თქმით, ცვლილებები საგრძნობლად შეიმჩნევა ქალაქში, თუმცა ამას მისთვის დადებითი ხასიათი აქვს, რადგან შემცირებულია ავტომანქანების მოძრაობა, რაც მას მარტივი გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამასთან, ავტომანქანების კლებასთან ერთად შემცირებულია რისკიც, რადგან ნიკას განმარტებით, ავტომანქანების მძღოლები ხშირად არ იცავენ წესებს, რაც მოპედით გადადგილებისას მათ განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი