ახალი ამბებისაზოგადოება

რა უნდა გააკეთონ კერძო კლინიკებმა კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად

14 აპრილი, 2020 • 2280
რა უნდა გააკეთონ კერძო კლინიკებმა კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კლინიკა დაიხურა, პრესონალი კი კარანტინის რეჟიმზე გადავიდა. დახურულთა შორისაა 2 კლინიკა თბილისში, რომელთაგან ერთ შემთხვევაში დაავადება ექიმს, მეორეში კი პაციენტს დაუდასტურდა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად რა პროტოკოლი მოქმედებს იმ კლინიკებისთვის, რომლებიც COVID-19-ის მართვაში არ არიან ჩართულნი. ჩვენ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკა ადამიას ვესაუბრეთ.

როგორც ადამია “ნეტგაზეთთან” ამბობს, ფართო პროფილური კლინიკებისთვის ახალი პროტოკოლი არ ამოქმედებულა, რამდენადაც უკვე არსებობდა პროტოკოლი, რომელიც კლინიკების მიერ ინფექციების მართვას ეხება და ამ შემთხვევაშიც დაწესებულებებმა ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა იმოქმედონ. ადამია აღნიშნავს, რომ სპეციალურ პორტალზე სტაციონარებისთვის აიტვირთა დამატებითი ინსტრუქციები:

“დაწესებულება ვალდებულია, მიიღოს პაციენტი იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვს მას. მთავარია, კლინიკამ დაიცვას ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რაც განსაზღვრულია ამ პროტოკოლით. უნდა ჩაატაროს გამოკითხვა, ტრიაჟი (კლასიფიკაცია), გამოავლინოს, არის თუ არა ეს პაციენტი საეჭვო შემთხვევა, რამდენად არის რისკი, რომ აქვს COVID-19 და იქამდე, სანამ დავადგენთ ასეა თუ არა, გადაუდებელი სერვისის საჭიროების შემთხვევაში, ის შესაბამისი წესების დაცვით მიაწოდოს”, – ამბობს ადამია.

მისი თქმით, კლინიკები მანამდეც ამგვარი წესით მოქმედებდნენ სხვა ინფექციების შემთხვევაში და მთავარია, მათ ზედმიწევნით დაიცვან ინფექციის კონტროლის გაწერილი ღონისძიებები, რისთვისაც საჭიროა საეჭვო პაციენტების მოთავსება იზოლირებულ სივრცეში, რომელიც, მისი თქმით, კლინიკებს აქვთ გარკვეული რაოდენობის პაციენტებისთვის:

“ეს კლინიკები აქამდეც იმავეს აკეთებდნენ. ნებისმიერი ინფექციის გავრცელების საშიშროების მქონე პირი უნდა მიიღონ, კლასიფიკაცია გაუკეთონ და იმოქმედონ შესაბამისად. ამაში არაფერი ახალი არაა. მთავარია, ზედმიწევნით იყოს დაცული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები. თუ ამ პაციენტს დადასტურებამდე დასჭირდა რაიმე სხვა სერვისი, ჩაუტარონ ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ინფექციის კონტორლის ღონისძიებები და არ მოხდეს არევა ამ პაციენტის სხვა პაციენტებთან. სწორედ ამიტომ არის საჭირო მისი იზოლირებულ სივრცეში მოთავსება. ეს დირექტივა და ინსტრუქცია მათ თავიდანვე განესაზღვრათ. რეალურად, აქ არ არის არაფერი ახალი”, – ამბობს ადამია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენელი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც COVID-19-ი დადასტურებული აქვთ, მინისტრის ბრძანებით გაწერილ დაწესებულებაში უნდა გაეწიოთ მკურნალობა, საეჭვო შემთხვევების მართვისთვის კი რამდენიმე საფეხურიანი სისტემა მოქმედებს:

“პირველ რიგში, პაციენტს, რომელსაც რაიმე სიმპტომი აქვს, მიმართავს 112-ს სატელეფონო ზარით. 112 ამისამართებს მას ონლაინ კლინიკაში, რომელშიც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ ოჯახის ექიმები და ისინი გაუწევენ კონსულტაციას. იქ ხდება პირველადი ტრიაჟი (კლასიფიცირება) ამ პაციენტების. ეს პაციენტი შეიძლება იყოს სხვა რესპირატორული სიმპტომის მქონე,თუ შესაძლო COVID-ის შემთხვევა. შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის დონეზე წყდება ონლაინ კონსულტაციით, ექვემდებარება ეს პაციენტი სტაციონარში გადაყვანას თუ არა. თუ სტაციონირებას ექვემდებარება, გადის ბრიგადა და პაციენტი გადაჰყავთ კოვიდ ან ცხელების კლინიკაში იმის მიხედვით, თუ როგორი რისკის მქონეა ეს პაციენტი, სადაც უტარდება ტესტირება, რის შემდეგაც მოხდება მათი მკურნალობა”, – ამბობს ადამია.

იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტი თვითდინებით მიმართავს კლინიკას, ეკა ადამიას თქმით, ყველა დაწესებულებას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პაციენტი მიიღოს იზოლირებულად, ინფექციის კონტროლის წესების დაცვით და შემდგომი ქმედებები დაგეგმოს მასთან დაკავშირებით.

ადამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კლინიკების მობილიზება დაიწყო, სამინისტროს მიერ გამოყოფილმა ჯგუფმა რამდენჯერმე ჩაატარა კლინიკების მონიტორინგი, თუ რამდენად შეუძლიათ ამ სერვისების მიწოდება.

აღნიშნულ საკითხზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დეტალურად შეისწავლეს ყველა კლინიკის საშუალებები, რის შემდეგაც მათ მითითებები მიეცათ:

“რაც შეეხება კლინიკების დახურვას, ჩვენ ძირითადად პრობლემა გვაქვს პერსონალის რიცხოვნობასთან,  რომელიც არის დასაქმებული კლინიკებში. სწორედ აქედან გამომდინარე სტრატეგიულ ნუსხაში ის კლინიკები გვაქვს, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ პერსონალის ცირკულაცია სწორად, რათა არ მოხდეს პერსონალის დაინფიცირება ან პერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში არ მოხდეს დარღვევა იმ სერვისების მიწოდების უწყვეტობის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა და მცირე კლინიკებში პერსონალის რიცხოვნობა არის მიზეზი, რის გამოც ისინი დაიხურა” ,- ამბობს ტიკარაძე და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი კლინიკა დახურული არაა და ისინი საკარანტინო რეჟიმზე იმყოფებიან.

რაც შეეხება ეკიპირებას, ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ადამია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფს COVID-ის მართვაში ჩართულ და ცხელების კლინიკებს, სხვა კერძო კლინიკებმა კი საკუთარი რესურსები უნდა გამოიყენონ:

“თუ რაღაც პრობლემები იქნება, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო შეეცდება ზომების მიღებას”, – ამბობს ადამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი