ახალი ამბები

კორონავირუსის გამო თბილისში 2 კლინიკა დაიხურა

12 აპრილი, 2020 •
კორონავირუსის გამო თბილისში 2 კლინიკა დაიხურა

პაციენტისა და ექიმის კორონავირუსით ინფიცირების გამო თბილისში ორი კერძო კლინიკა დაიხურა.

კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე “თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” ერთ-ერთ ექიმს, რის გამოც გამოკვლევები უტარდებათ როგორც ამ კლინიკის სხვა თანამშრომლებს, ისე – პაციენტებს. სტაციონარული განყოფილების ანა მამრიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტების კვლევის შედეგები იქნება ცნობილი, მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ შემდგომ ბედთან დაკავშირებით. კლინიკაში ამჟამად კარანტინია გამოცხადებული და იქ არავის უშვებენ.

აღნიშნული კლინიკის მსგავსად დაიხურა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალიც. აქ კორონავირუსი დაუდასტურდა 72 წლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს.

“ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის” კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე სანიკიძემ პირველ არხს უთხრა, რომ 72 წლის პაციენტი გულის ქრონიკული უკმარისობისთვის დამახასიათებელი გართლებებით 6 აპრილს შეიყვანეს კლინიკაში, რა დროსაც მას კორონავირუსზე გაუკეთდა სწრაფი ტესტი, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

სანიკიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტს არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები და მას თავისი ძირითადი დააავდების – შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები აღენიშნებოდა, მათ შორის, სიბრმავე. როგორც ეკატერინე სანიკიძემ “პირველ არხს” უთხრა, მოგვიანებით ამ პაციენტის ქმარს დაუდგინდა კორონავირუსი, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა “ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის” პაციენტი კორონავირუსზე გამოიკვლია როგორც ინფიცირებულის კონტაქტი, კვლევის მეთოდად კი გამოიყენა “პი სი არ” ტესტი, ანუ ე.წ. ოქროს სტანდარტი. სწორედ ამ ტესტმა აჩვენა დადებითი პასუხი.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, დაუყონებლივ გამოავლინეს ყველა ის პირი, რომელსაც 72 წლის პაციენტთან ჰქონდა შეხება და მათ ჩაუტარდებათ კვლევები. სანამ არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია, მანამდე კლინიკა არ გაიხსნება.

12 აპრილის 19 საათის მონაცემებით, კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 63 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი