ახალი ამბები

20 ლარის ვერცხლის საკოლექციო მონეტა 95 ლარად იყიდება

26 სექტემბერი, 2015 • 3519
20 ლარის ვერცხლის საკოლექციო მონეტა 95 ლარად იყიდება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელია, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.


მათივე ცნობით, 20 ლარის ნომინალის 28.28 გრამიანი მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონია.

 

“მონეტის ავერსის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლად დამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები – ლარი 20 წელს ითვლის,” – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვერცხლის მონეტა
ვერცხლის მონეტა

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რევერსზე, მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის – ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „20“ და წარწერა „ლარი“ ქართულ ენაზე. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტის ზედა ნაწილში, ასევე, დატანილია წარწერა  ინგლისურ ენაზე: „National bank of Georgia”.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტის აღწერილობა ასეთია:

 

ნომინალი: 20 ლარი
შემადგენლობა: ვერცხლი 925
წონა გრამებში: 28.28 გრ.
დიამეტრი: 38.61 მმ.
მონეტის წიბო: გლუვი
ხარისხი: ფრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500
გამოშვების წელი: 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი