ახალი ამბები

კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, სექტემბრისთვის გვქონდეს — ოქსფორდის პროფესორი

11 აპრილი, 2020 • 1637
კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, სექტემბრისთვის გვქონდეს — ოქსფორდის პროფესორი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორის, სარა ჯილბერტის განცხადებით, „80 პროცენტითაა“ დარწმუნებული, რომ კორონავირუსის ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება მზად. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჯილბერტმა ვაქცინის შექმნის შესახებ  The Times of London-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდის მიერ შემუშავებული ვაქცინა შემოდგომისთვის იქნება მზად, „თუ ყველაფერი კარგად წავა“.

მეტ ჰენკოკმა ჯილბერტის ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა, რომ მეცნიერის კომენტარები „იმედის“ სიგნალს იძლეოდა — „მე საკმაოდ ბევრი ვიცი ოქსფორდის პროექტზე და მართლა ძალიან კარგია დაინახო ცოტა იმედი, განსაკუთრებით გაზეთების პირველ გვერდებზე“.

მარტის ბოლოს,  ჯილბერტმა ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ვაქცინა მზად იქნებოდა, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, როგორც “ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, ვაქცინის შექმნა-დისტრიბუციას 12-დან 18 თვემდე დასჭირდება.

თუმცა, როგორც “ვაშინგტონ პოსტი” წერს, ჯილბერტის გუნდის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე ორი კვირის განმავლობაში დაიწყება. ჯილბერტის განცხადებით, „ვერავინ გასცემს დაპირებას, რომ ის [ვაქცინა] იმუშავებს“, მაგრამ იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მის წარმატებაში 80 პროცენტითაა დარწმუნებული:

„ვფიქრობ, დიდი შანსია,  რომ იმუშავებს. ეს აზრი დაფუძნებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებდით აქამდე ვაქცინის ამ ტიპთან. ეს არაა უბრალოდ წინათგრძნობა, რაც უფრო მეტი კვირა გადის, უფრო მეტი მონაცემები გვაქვს“, — აცხადებს ჯილბერტი.

ვაშინგტონ პოსტის ცნობით, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ვაქცინის წარმატების შემთხვევაშიც მისი მომარაგებისა და ხელმისაწვდომიბის პრობლემის მოგვარებას თვეები დასჭირდება.


ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდის თანახმად, პროფესორი სარა ჯილბერტი ვაქცინებზე უკვე ათი წელია მუშაობს და მის ლაბორატორიაში შემუშავებული რამდენიმე ვაქცინა კლინიკური ტესტირების ფაზაზეც იყო.

კორონავირუსით ამჟამად მსოფლიოში 1,733,792 ადამიანის დაავადების შესახებაა ცნობილი. გარდაიცვალა 106,469 ადამიაინი, გამოჯანმრთელდა 392,781.

მასალების გადაბეჭდვის წესი