ახალი ამბები

დააჯარიმეს თუ არა ვინმე ეკლესიაში სამზე მეტი პირის შეკრების გამო? 

11 აპრილი, 2020 •
დააჯარიმეს თუ არა ვინმე ეკლესიაში სამზე მეტი პირის შეკრების გამო? 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 11 აპრილს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ  წინა დღით 55 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 

სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და  ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის 

დაუცველობის გამო. 

“ნეტგაზეთმა”  შინაგან საქმეთა სამინისტრის ჰკითხა, დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ამ წესების დარღვევისთვის ვინმე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ან სხვა რელიგიური კონფესიების სამლოცველოებში.

ამ კითხვაზე “ნეტგაზეთს” შსს-ში  არ უპასუხეს და განუცხადეს, რომ დამატებით კითხვებზე ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალურად გამოთხოვის შემდეგ გასცემენ. 

კოვიდ 19 -ს პანდემიის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის  23 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად: 

  • იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით.  ამ შემტხვევისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.
  • იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას სამი ათასი ლარის ოდენობით.

მთავრობის დადგენილების მიუხედავად, საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ატარებს რელიგიურ რიტუალებს და მორწმუნეები კვლავ იკრიბებიან ტაძრებში. აქამდე ცნობილი არ გამხდარა ეკლესიებში 3 პირზე მეტი რაოდენობით შეკრებისთვის ვინმეს დაჯარიმების შესახებ. 


ფოტოზე: სამების საკათედრო ტაძარი კოვიდ-19 -ის პანდემიის დროს. 7 აპრილი, 2020. თბილისი. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი