ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს “საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვის ფაქტებზე, რაც უხეშად არღვევს ადამიანების უფლებებს და ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას”.
“საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ცალსახად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა 2008 წლის აგვისტოში უგზოუკვლოდ დაკარგული გრიშა ნალბანდოვის საქმის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო 2014 წლის მარტში გაუჩინარებული, ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საკითხსაც, რომლის ცხედარიც 2015 წლის იანვარში ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ასევე დაისვა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ წითელუბანში საოკუპაციო ძალების მიერ მოხსნილი დროშის დაბრუნების საკითხი”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ერგნეთში დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ოსეთის მედია, რომელიც წერს, რომ “ოსურმა მხარემ ქართული მხარის მიერ ოსეთის მოქალაქის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტზე ისაუბრა”.
“ჩვენი ინფორმაციით, ტრაქტორით მიწის დამუშავების დროს ზნაური რაიონის მცხოვრები ქართული მხარიდან ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დაჭრეს. ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს მივაწოდეთ”, – განაცხადა ხოხ გაგლოითიმ, ცხინვალის წარმომადგენელმა ერგნეთის შეხვედრებზე.
მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 29 ოქტომბერს გაიმართება.