ახალი ამბები

პრემიერმა საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტზე დავით საგანელიძე წარადგინა

23 სექტემბერი, 2015 • • 1992
პრემიერმა საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტზე დავით საგანელიძე წარადგინა

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კოვზანაძეს და განაცხადა, რომ დავით საგანელიძეს შესაბამისი განათლება და გამოცდილება იმისათვის აქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვას. 

 

”მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით საგანელიძე თავის ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს საპარტნიორო ფონდს. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები ამ ფონდის საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და საპარტნიორო ფონდს ნდობისათვის. მისი განცხადებით, საპარტნიორო ფონდი სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტების წამოწყებასა და განხორციელებას გეგმავს. 

 

სს “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზირიძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

დავით საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აირჩიეს კოალიცია ”ქართული ოცნებიდან”. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე საგანელიძე პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის ამჟამინდელი მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას ხელმძღვანელობდა. 

 

სს “საპარტნიორო ფონდი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის”, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა” და ნაწილობრივ, „თელასის” აქციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი