ახალი ამბები

ომბუდსმენი: ბავშვთა ინფექციურში მამაკაცს არ აქვს უფლება შვილთან დარჩეს პალატაში

23 სექტემბერი, 2015 •
ომბუდსმენი: ბავშვთა ინფექციურში მამაკაცს არ აქვს უფლება შვილთან დარჩეს პალატაში

როგორც ომბუდსმენის განცხადებაში წერია, 2015 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქემ მის მიმართ სქესის ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე.

 

“მომჩივანის თქმით, 2015 წლის 24 აპრილს მისი არასრულწლოვანი შვილი გადაიყვანეს თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინფექციური დაავადებითა და მაღალი ტემპერატურით. მომჩივანს სურდა 15:00-00:00 დროის პერიოდში შვილთან თავმდგომად დარჩენა, რაზეც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნულის უფლება მხოლოდ დედას და ბებიას ეძლევა, ხოლო მამაკაცები არ არიან დაშვებულნი თავმდგომებად. გამგის განმარტებით, ის კატეგორიულად არ დაუშვებს განყოფილებაში მამაკაცს, ვინაიდან ის შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მოვიდეს და თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან დარჩენა, მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლის მოყვანას სთხოვენ. სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა, რომ მომჩივანისთვის შვილთან თავმდგომად დარჩენაზე უარი ეფუძნებოდა არა მომჩივანის ინდივიდუალური ქცევისაგან გამოწვეულ საშიშროებას, წესრიგისა და პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არამედ საავადმყოფოში არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მამაკაცებს არ აქვთ უფლება შვილთან დარჩნენ პალატაში”, – განმარტავს ომბუდსმენი განცხადებაში. 

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სტერეოტიპები უზღუდავს მამაკაცებს შესაძლებლობას შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი შვილის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მეუღლეებთან ერთად გაინაწილონ მშობელზე დაკისრებული ტვირთი.

 

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მამის როლის დაკნინება ბავშვზე ზრუნვასა და აღზრდაში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა სტიგმებისგან თავისუფალ გარემოში ქალთა თანაბრად ისარგებლონ მშობლის უფლებებით და იტვირთონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გ.გ.-ს მიმართ მისი სქესის გამო”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი