“ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “საზოგადოებრივი დამცველი” შეშფოთებას გამოხატავენ აზერბაიჯანის მოქალაქის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაშგინ აღარარლისათვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცესის გაჭიანურების გამო.
აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, დაშგინ აღარარლის ერთ წელზე მეტია მიმართული აქვს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროსთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
“სამწუხაროდ, დღემდე, ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ საქმეზე არ აქვს მიღებული. სამინისტროს მიერ დარღვეულია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისასთან დაკავშირებით საქმის განხილვის როგორც ექვსთვიანი, ისე ცხრათვიანი კანონით დადგენილი ვადა.
დაშგინ აღარარლი, რომელიც არის ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ წევრი, ხშირად მონაწილეობდა აზერბაიჯანში გამართულ მიტინგებსა და მანიფესტაციებში, მედიის საშუალებით აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და გამოხატავდა პროტესტს ადამიანის უფლებების დარღვევების თაობაზე. ამ აქტიურობისათვის იგი იდევნებოდა აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური რეჟიმის მიერ, რის გამოც მას მოუხდა აზერბაიჯანის დატოვება. აზერბაიჯანისათვის დაშგინ აღარარლის გადაცემა არსებით საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობოები ავრცელებენ.
დღესდღეობით აზერბაიჯანში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, აქტივისტები და უფლებადამცველები იდევნებიან. დღემდე აზერბაიჯანის საპატიმროებში სასჯელს იხდიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ჟურნალისტები და მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, უფლებადამცველები.
“საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას და ლტოლოვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის დამატებითი ოქმის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, პოზიტიური ვალდებულება ეკისრება, უზრუნველყოს თავშესაფრით ის პირები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. სამწუხაროდ, დაშგინ აღარარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა არ ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
წელიწადზე მეტია, აღარარლი ამაოდ ელოდება ლტოლვილის სტატუსს საქართველოს მთავრობის მხრიდან. იგი განიცდის მძიმე მატერიალურ პრობლემებს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის ამაო მოლოდინში. ამასთანავე, დაშგინ აღარარლის ოჯახის წევრები ცხოვრობენ ბაქოში, რომელთა სიცოცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ვთვლით, რომ დაშგინ აღარარლის უნდა მიენიჭოს პოლიტიკური თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი; იგი არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება კვლავ გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აზერბაიჯანში”, – აცხადებენ არასამთავრობოები.
ისინი მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან დაშგინ აღარარლის უფლებები და უზრუნველყონ იგი და მისი ოჯახი პოლიტიკური თავშესაფრით რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.