ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა, ორშაბათიდან შეზღუდვებს შევამსუბუქებთ – ფაშიანიანი

6 აპრილი, 2020 • 1186
თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა, ორშაბათიდან შეზღუდვებს შევამსუბუქებთ – ფაშიანიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუკი Covid-19-ით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა კლება განაგრძო, მომავალი კვირის დასაწყისიდან, შესაძლოა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის და საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება დაიწყოს.

ფაშინიანმა 6 აპრილს გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, — ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. წინა კვირას, მაგალითად, ერთ დღეში 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის სომხეთში 833 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ადამიანი გარდაიცვალა, 62 გამოჯანმრთელდა, დანარჩენები მკურნალობას აგრძელებენ.

ახალი შემთხვევები ყოველდღიურად. წყარო: სომხეთის NCDC

„დღევანდელი რიცხვი [მხოლოდ 11 ახალი პაციენტი] წამახალისებელია“, – ამბობს ფაშინიანი ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. თარგმანს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ახალი შემთხვევების ბოლო დღეების დინამიკა ასეთია: მაქსიმალური 1 აპრილს დაფიქსირდა (92), შემდეგ -73, 3 აპრილს 34, 4 არპილს- 52, ბოლოს კი, 5 აპრილს- 11 ახალი შემთხვევა.

„დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, რადგან ხვალინდელ რიცხვებსაც უნდა შევხედოთ, მაგრამ თუ ამ რიცხვებით გაჩენილი ჩვენი იმედი გამართლდება … ერთი კვირა უნდა დავემორჩილოთ [არსებულ] შეზღუდვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

სომხეთში 249 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, როდესაც მთავრობამ ყველას სახლში დარჩენის განკარგულება მისცა და „არასაჭირო საქმიანობები“ აკრძალა; მალევე ერევანი ჩაიკეტა, ასევე, აიკრძალა საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება და შეიზღუდა სამანქანო ტრანსპორტირება.

როგორ ხსნიან სომხეთში Covid-19-ის მზარდ რიცხვს საქართველოსთან შედარებით

მასალების გადაბეჭდვის წესი