გიგა ბოკერიას თქმით, დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ განაჩენის გამოცხადებას სხდომის დარბაზში არ დაესწრება გიგი უგულავა, არც მისი ადვოკატები და მხარდამჭერები. მისი თქმით, წინასწარ ცნობილია, რომ მოსამართლე გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ამის გამო მოსამართლეს ცარიელ დარბაზში მოუწევს გადაწყვეტილების გამოცხადება.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს 22:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, თუმცა ამ დრომდე (22:10 საათი) მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას განაჩენი უნდა გამოაცხადოს ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებით საქმეზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს აეროპორტში, როდესაც კიევში უნდა გამგზავრებულიყო. უგულავა წინასწარ პატიმრობაში თითქმის 15 თვე იმყოფებოდა და 17 სექტემბერს, 23:00 საათზე, საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა.