ახალი ამბები

რუსეთში სამ მართლმადიდებელ მღვდელს COVID-19 დაუდგინდა

6 აპრილი, 2020 • 1104
რუსეთში სამ მართლმადიდებელ მღვდელს COVID-19 დაუდგინდა

რუსეთში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამ სასულიერო პირს კორონავირუსი COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, „რიას“ ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი დიაგნოზის დადგენას ელიან.

როგორც „რია“ იუწყება, სასულიერო პირების Telegram-ჯგუფში დაინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირებს მოუწოდეს, თვითიზოლაციაში მოექცნენ.

„მედუზას“ ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მარტის დასაწყისში უარს ამბობდა რაიმე შეზღუდვა დაეწესებინა COVID 19-ის პრევენციის მიზნით. 17 მარტს პატრიარქმა კირილემ მოითხოვა, რელიგიური რიტუალების დროს წესები გაემკაცრებინათ, ხოლო 29 მარტს მოუწოდა მორწმუნეებს, თავი შეეკავებინათ ეკლესიაში მისვლისგან და შეესრულებინათ ხელისუფლების რეკომენდაციები.


რუსეთის მიერ განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 6 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 5389 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაცვლილია 45 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 355.

გარეკანის ფოტო: „პრავმირ“ 

მასალების გადაბეჭდვის წესი