ნეტგაზეთი | ცხინვალელ ექიმს, რომელიც ნიღბებს და ხელთათმანებს ითხოვს, ბიბილოვი დათხოვნით ემუქრება ცხინვალელ ექიმს, რომელიც ნიღბებს და ხელთათმანებს ითხოვს, ბიბილოვი დათხოვნით ემუქრება – Netgazeti

ცხინვალელ ექიმს, რომელიც ნიღბებს და ხელთათმანებს ითხოვს, ბიბილოვი დათხოვნით ემუქრება

ცხინვალში მრავალპროფილური სამედიცინო რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი ვლადისლავ ვალიევი შესაძლოა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის ბრძანებით დაითხოვონ.

ექიმმა პირველ აპრილს განცხადებით მიმართა საავადმყოფოს დირექციას და აცნობა, რომ არ გავიდოდა მორიგეობაზე, რადგან COVID-19-ისა და კარანტინის პირობებში სამედიცინო პერსონალს არ ჰქონდა დამცავი საშუალებები [ნიღბები, ხელთათმანები, სათვალეები, დამცავი კომბინიზონები].

ამბავი მისი თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ დღეს ფეისბუკზე გავრცელდა. დისკუსიას თავად დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:

“პანიკას არ უნდა ჰქონდეს ადგილი იმ გემზე, სადაც შენ გარდა მრავალი ადამიანი იმყოფება!!! პანიკიორები დათხოვნილი იქნებიან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიდან! ადამიანი, მით უმეტეს, ექიმი, რომელსაც უკვე დღეს ეშინია ვირუსის, რომელიც არ არსებობს აქ, და არ გამოდის სამსახურში, დათხოვნას ექვემდებარება!!! მით უმეტეს, ის არ არის ინფექციონისტი!!!”

ბიბილოვს მხარი ფეისბუკზე მისმა მხარდამჭერებმაც დაუჭირეს და ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცხინვალის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევები გამოვლენილი არ არის. COVID-19-თან საბრძოლველად, როგორც დე ფაქტო ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში გამუდმებით აცხადებს, “რესპუბლიკა სრულ მზადყოფნაშია”. ამავე დროს, დე ფაქტო საგარეო მინისტრი დიმიტრი მედოევი ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქართული მხრიდან ხედავს.

 

ამავე თემაზე:

Covid-19 აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ინტერვიუ მინისტრთან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი