ახალი ამბები

სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას

2 აპრილი, 2020 • 2056
სასუნთქი აპარატების რა მარაგი აქვს ქვეყანას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “პოსტტივის” ეთერში აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოს 100 000 სულ მოსახლეზე 28 სასუნთქი აპარატის გამოყენება შეუძლია კოვიდ-ინფიცირებულების სამკურნალოდ და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მუშაობს დამატებითი მოწყობილობების შესყიდვაზე.

შედარებისთვის მინისტრი ამბობს, რომ იტალიაში 100 000 სულ მოსახლეზე 8 სასუნთქი აპარატი იყო ხელმისაწვდომი, გერმანიაში კი საწყის ეტაპზე- 34, რაც 60-მდე გაზარდეს.

“საქართველოში 100 000 სულ მოსახლეზე 56 აპარატია და ჩვენი სისტემა კიდევ ემზდება და აძლიერებს ამ სეგმენტს. თქვენ იცით, რომ შევიძინეთ სასუნთქი აპარატი რესპუბლიკური და რუხის საავადმყოფოებისთვის და კიდევ ვმუშაობთ.

აქვე მინდა დავამატო, ამ 56 სასუნთქი აპარატიდან რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, რამდენი აპარატია დატვირთული.

ვნახეთ, რომ სასუნთქი აპარატების 50% დატვირთულია და ფაქტობრივი რიცხვი მივიღეთ, რომ COVID-19-სთვის 28 აპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ და დავისახეთ სტრატეგიად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯადნაცვის ეს კომპონენტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის გადაუდებელი პაციენტი, რომელსაც შესაძლოა COVID-19 არ ჰქონდეს, მაგრამ სასუნთქი აპარატი იყოს საჭირო” ,- ამბობს ტიკარაძე.

100 000 მოსახლეზე ფილტვების 28 ვენტილატორი ნიშნავს ჯამურ 1042 ვენტილატორს საქართველოში, ხოლო 100 000 მოსახლეზე 56 ვენტილატორი – 2084-ს. ეს მოწყობილობები კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, როდესაც ავადმყოფებს სუნთქვა უჭირთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი