ახალი ამბები

ტურავა: წაკითხული რომ მქონოდა, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შემეძლო

16 სექტემბერი, 2015 • • 1151
ტურავა: წაკითხული რომ მქონოდა, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შემეძლო

როგორც ტურავამ ტელეკომპანია “მაესტროსთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, სასამართლოდან გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და მისი გაცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო ვერ მოასწრო.


“მე შემეძლო ხელის მომეწრა გადაწყვეტილებაზე, წაკითხული რომ მქონოდა, მაგრამ გადაწყვეტილება წაკითხული არ მქონდა იმიტომ, რომ მისი სარეზოლუციო ნაწილი გუშინ, დღის განმავლობაში მივიღე ელექტრონულ ფოსტაზე. მე გუშინ მაღალი წნევა მქონდა, კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილებას, მის სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ. ექიმმაც მითხრა, დღეს სამუშაო მდგომარეობაში არ ხარ და რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება, 50 გვერდს როგორ წავიკითხავდი საავადმყოფოს პალატაში?!

 

… ჩვენ კიდევ სამუშაო პროცესში ვიმყოფებოდით, ერთი საათით ადრე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოვაცხადოთო, ეს არის მოსამართლის და სასამართლოს უპატივცემულობა”, – ამბობს ტურავა.



 

”მას შემდეგ, რაც მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა დღის პირველ საათზე პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლოს მხრიდან არაერთგზის იქნა შეთავაზებული, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე”, – ეს განცხადება მომხდარზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა.


სასამართლოს განცხადებით, დაახლოებით 16:30 საათზე მასთან დაკავშირირება ვერ მოხერხდა. მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს უკვე კლინიკაში იმყოფებოდა და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია.

”ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო, არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.” 

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს მოსამართლე მერაბ ტურავას გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისცეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით”, – აცხადებენ სასამართლოში.


მასალების გადაბეჭდვის წესი