ახალი ამბები

საკვების და სამედიცინო პროდუქციის გარდა, ონლაინ გაყიდვები ისევ აკრძალულია

2 აპრილი, 2020 • 4751
საკვების და სამედიცინო პროდუქციის გარდა, ონლაინ გაყიდვები ისევ აკრძალულია

საქართველოს მთავრობამ 30 მარტის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და გააფართოვა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ნებადართულია ეკონომიკური საქმიანობა, თუ ის ხორციელდება დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან –  სამსახურიდან, ოფისიდან, მაგრამ არაუმეტეს 5 ადამიანისა.

განახლებული დადგენილებით, დასაშვებია საფოსტო და საკურიერო მომსახურება, დისტანციურად ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით, ასევე, ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით დისტანციურად.

მთავრობის დადგენილებით ბუნდოვანი დარჩა, დასაშვებია თუ არა ნებისმიერი სახის საკურიერო მომსახურება, ვინაიდან ამავე დადგენილებით, მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) ჩამონათვალში, რომელიც არ იზღუდება, მხოლოდ საკვები პროდუქტი, სურსათი და სამედიცინო დანიშნულების საქონელი/ფარმაცევტული პროდუქტები შედის.

მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ ონლაინ-გაყიდვები, პრაქტიკულად, ისევ აკრძალულია.

“ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვები პრაქტიკულად არის აკრძალული. ამაში, რა თქმა უნდა, არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. გუშინ თავის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და მეც მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, დიდი სისტემა და ურთიერთობათა ჯაჭვია – იქ არის საწყობები, მიტანის სერვისები და ოფისები ჩართული.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ-გაყიდვები. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორი მოდელით და ფორმატით შევძლებთ, რომ ამ ბიზნესს გადაწყობა შევთავაზოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც არიან საწყობებში, ასევე, მიდიან ოჯახებში, არიან ჯანდაცვის გაიდლაინებთან შესაბამისობაში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს შეიმუშავებს და როგორც კი დარწმუნება, რომ ონლაინ-ვაჭრობაში ჩართული კომპანიის საქმიანობა არის უსაფრთხო, ამის შემდეგ შეძლებს, კონკრეტული კომპანიების საქმიანობა დაუშვას.

“როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს [სტანდარტებს], მთელი სფერო იფუნქციონირებს”, – დასძინა თურნავამ.

მიუხედავად ნათია თურნავას განცხადებისა, ამ დროისთვის ტექნიკის მაღაზიათა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი აგრძელებენ გარკვეული კატეგორიის პროდუქციის – კერძოდ, კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ტექნიკის და მოწყობილობების – ონლაინ -გაყიდვას, თუმცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციაზე შეზღუდვები რჩება.


2020 წლის 30 მარტს გამოცემული 204-ე დადგენილებით, საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები. მთავრობის ამ დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა.

დასაშვებ საქმიანობებს შორის გაყიდვის სერვისებიდან მითითებული იყო მხოლოდ საკვების მიტანის სერვისი, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 1-ელ აპრილს განაცხადა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უსაფრთხოების და Covid-19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით დაწესებულ მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში მიიღებს ონლაინ-გაყიდვის გაგრძელების ნებართვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი