ევროკომისიამ 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა ჩინური კომპანია Temu, რომელიც ონლაინ გამოწერების პოპულარული პლატფორმაა, მათ შორის საქართველოში.
ბრიუსელი Temu-ს „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) დარღვევას ედავება, მიიჩნევს რა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო მის პლატფორმაზე შეთავაზებული უკანონო პროდუქტების სისტემური რისკებისა და ევროკავშირის მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება.
კომისია მიუთითებს, რომ ევროკავშირში მყოფი მომხმარებლებისთვის Temu-ზე უკანონო ნივთებთან შეხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია. კომისიის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული „ფარული მყიდველის“ (mystery shopping) ტესტირების შედეგად გამოვლინდა, რომ შერჩეული დამტენი მოწყობილობების ძალიან დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა უსაფრთხოების საბაზისო ტესტები, ხოლო შემოწმებული საბავშვო სათამაშოების დიდმა ნაწილმა გამოავლინა საშუალო ან მაღალი სიმძიმის საფრთხეები, რადგან ისინი შეიცავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აჭარბებს კანონით დადგენილ უსაფრთხოების ზღვარს, ან ქმნიდნენ დახრჩობის საფრთხეს მოსახსნელი ნაწილების გამო.
„კომპანიამ სათანადოდ არ შეაფასა, თუ როგორ შეიძლება, მისი მომსახურების დიზაინმა, მათ შორის სარეკომენდაციო სისტემებმა და აფილირებული ინფლუენსერების მიერ პროდუქტის პოპულარიზაციის პროგრამებმა, გაზარდოს უკანონო პროდუქტების გავრცელების რისკი.
DSA-ის თანახმად, სტატუსის მქონე „ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებს“ ევალებათ საკუთარ მომსახურებასთან დაკავშირებული სისტემური რისკების გულმოდგინედ შეფასება და შესაბამისი შემარბილებელი ზომების მიღება. დღევანდელი ჯარიმის ოდენობა დაითვალა დარღვევის ხასიათის, მისი სიმძიმის და ხანგრძლივობის საფუძველზე“, — აცხადებს ევროკომისია.
Temu-ს 2026 წლის 28 აგვისტომდე აქვს ვადა, რომ კომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს ზომები რისკების შეფასების ვალდებულებების დარღვევის გამოსასწორებლად. ციფრული მომსახურების ევროპულ საბჭოს ექნება ერთი თვე გეგმის მიღებიდან, საკუთარი დასკვნა მოამზადოს ამის შემდეგ კომისიას ექნება კიდევ ერთი თვე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და იმპლემენტაციისთვის გონივრული ვადის დასაწესებლად. ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს პერიოდული საჯარიმო გადასახადები.
ევროკომისიამ 2024 წლის 31 ოქტომბერს დაიწყო ოფიციალური წარმოება Temu-ს წინააღმდეგ, მათ შორის მისი მომსახურების მეშვეობით უკანონო პროდუქტების გავრცელებასთან დაკავშირებული სისტემური რისკების შეფასების ვალდებულების გამო.
