ახალი ამბები

რეკომენდაციაა, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში – გახარია

2 აპრილი, 2020 • 1461
რეკომენდაციაა, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში – გახარია

„სახელმწიფოს რეკომენდაცია არის ერთმნიშვნელოვანი — გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას და სიცოცხლეს … და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

1 აპრილს პრემიერი ტვ „იმედზე“ იყო სტუმრად ღამის ეთერში, სადაც გადაცემის წამყვანმა საპატრიარქოსთან კომუნიკაციაზე დაუსვა კითხვა მომავალ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, [ეკლესიასთან] კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და, დარწმუნებული ვარ, ეკლესიასაც ძალიან კარგად ესმის სახელმწიფოს როლი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ“.

გახარიამ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ სურს დღესასწაულებზე საუბარი, რადგან „კიდევ 3 კვირა არის დარჩენილი [აღდგომამდე], ჩვენ გვაქვს გარკვეული, ძალიან ფრთხილი იმედები, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა ეს არ იქნება მარტივი“.

„მე ვუყურებ, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები, რასაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. მე ვიცი, რომ იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როცა ეკლესიაში ამის საშუალება არ არის, ვიყოთ ეკლესიის ეზოში და არა შიგნით, და კიდევ ბევრი რამ“, – თქვა მან.

„მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის ერთმნიშვნელოვანი — გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში“.

გახარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ეს არის მთავრობის რეკომენდაცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არა ამხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ მისი ახლობლებისა და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ვზრუნავთ ამ ქვეყანაზე“.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არ აპირებს მსახურების დროებით შეჩერებას.

პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით, მრევლს ეძლევა რეკომენდაცია, წირვის მიმდინარეობისას ეკლესიის ეზოში, ღია სივრცეში იყვნენ და ასე მიიღონ ლოცვაში მონაწილეობა.

ტაძრის დახურვა შეუძლებელია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში – ილია II

ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი