ახალი ამბები

შსს: გენინსპექცია “მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადებაზე მოკვლევის დასაწყებად მზადაა

15 სექტემბერი, 2015 •
შსს: გენინსპექცია “მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადებაზე მოკვლევის დასაწყებად მზადაა

“დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ მთავრობის წევრებთან მისვლის და შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. იმის მიუხედავად, რომ დღეს ქ. ოზურგეთში დაგეგმილ ღონისძიებებს ყველა მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაუბრკოლებლად აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მზად არის ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა და სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


 

ტელეკომპანია “მაესტროს” რეპორტიორის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის მის მიერ დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ “გვერდზე გაიყვანა” და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. როგორც ვაჩიბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ინციდენტი მოჰყვა მის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავების შესახებ დასმულ შეკითხვას.

 


 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი