ახალი ამბები

უგულავას ადვოკატი: ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო

15 სექტემბერი, 2015 • 1021
უგულავას ადვოკატი: ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო

 

„იმ სამართლებრივ ცირკში, რაც გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო. ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, დიდი ხანია უკვე ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი უგულავას საქმეზე. საქმეზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ – ქვეყანაში, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ადამიანი შეიძლება თუ არა იმყოფებოდეს ციხეში განუსაზღვრელი ვადით.

 

ძალიან კარგად იცოდა სასამართლოს შემადგენლობამ, რომ დღეს უნდა გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მოსამართლე ტექნიკური მიზეზების გამო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ ნებისმიერი განცხადება სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, იქნება ეს პროკურორი, მთავრობის წევრი, ნებისმიერი განცხადება საქართველოს საერთო სისტემის მოსამართლეების მიერ, რომლებიც თითქოსდა უთითებენ, რომ გიორგი უგულავას საქმეზე სამართლებრივ ჩარჩოებში იმყოფებიან, ეს არის ფარსი. გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი და დღეს მისი უკანონო პატიმრობა ემსგავსება სპექტაკლს, რომელსაც დასასრული არ უჩანს“.

 

იმ შემთხვევაში, თუ ხვალ გამოცხადება მერაბ ტურავა სამსახურში, ხვალვე იქნება ვალდებული ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას? – ამ კითხვის პასუხად ბექა ბასილია ამბობს: „არ ვიცი, იმედია, მომავალში კიდევ არ გახდება ცუდად და შეძლებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე მოუთმელად ველოდებით. თუმცა გონივრული მოლოდინი აღარ გვაქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ელოდება ხელისუფლება, რას ელოდება ეს კონკრეტული მოსამართლე – როგორმე გიორგი უგულავას წინააღმდეგ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდგომაც აზრს დაკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოცხადდება დღეს, ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ. დღეს არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. უახლეს პერიოდში ნახვათ თქვენ, უკანონო განაჩენით უგულავას მიუსჯიან, რის შემდგომაც საკონსტიტუციო სასამართლომ რომც გაიზიაროს ჩვენი არგუმენტები, უგულავა უფლებებში ვერ აღდგება“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ გიორგი უგულავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოში უახლეს მომავალში გამოიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების შემდეგ გამოცხადდება, საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დააკმაყოფილოს უგულავას საჩივარი, ეს გადაწყვეტილება მის სასჯელზე ვეღარ აისახება.

 

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთი მოსამართლეა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არ არის დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი