ახალი ამბები

უნდა გაიცეს კომპენსაციები მათთვის, ვინც შემოსავალი დაკარგა – ბაქრაძე

1 აპრილი, 2020 • 968
უნდა გაიცეს კომპენსაციები მათთვის, ვინც შემოსავალი დაკარგა – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქარაძე მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლითაც  ეკონომიკის დასახმარებლად ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ თანხის ნაწილი მოქალაქეების ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოხმარდება, დანარჩენი კი “ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისკენ” იქნება მიმართული. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საკმარისი არ არის და მოითხოვს, გადასახადების შემცირდე, საპენსიო შენატანები კი წლის ბოლომდე გაჩერდეს:

“ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ხელისუფლებას დამატებით ნაბიჯებს ვთავაზობთ… როგორებიცაა სახელფასო კომპენსაციების გაცემა მათზე, ვინც სამსახური დაკარგა, ან არ დაკარგა, მაგრამ უხელფასო ან უვადო შვებულებაშია. ამას გარდა, ერთჯერადი დახმარება უნდა გაიცეს სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ფენებზე. საპენსიო შენატანები  კი წლის ბოლომდე უნდა შეჩერდეს. ამასთან, მოქალაქეებს უკვე არსებული თანხების [საპენსიო ანგარიშებზე] გატანის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. დაბოლოს, გადასახადების შემცირება.”

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. დღეს, პირველ აპრილს, გამართულ ბრიფინგზე გახარიამ მხოლოდ ის თქვა, რომ ეს თანხა მოხმარდება როგორც “სამუშაო ადგილების, ასევე, კომპანიების შენარჩუნებას”.

“ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა მზად იყოს სწრაფად განვითარებისთვის და აღადგინოს ის პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა”,-განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი