საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი, ხოლო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში ცხადდება საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ ერთი საათის დაგვიანებით გამოაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდნენ. დავა შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული აღმკვეთი ღონსიძიების გამოყენების ფორმას პატიმრობაში მყოფი პირისთვის – ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით თბილისის ყოფილმა მერმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვის წინ მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ” საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილებაზე და ხელი არ მოაწეროს გადაწყვეტილებას”.
დავის საგანი იყო სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღმკვეთო ღონსიძიება – პატიმრობა.
მოსარჩელის შეფასებით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას.
თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაია წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ეტაპზე ადვოკატი აცხადებდა: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე 9 თვეზე მეტხანს პატიმრობაში ყოფნას. დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცველებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”.