ახალი ამბები

ქვეყანაში არის 4 ათასი ანტისხეულზე და 2 ათასი ანტიგენზე დამყარებული ტესტი – გაბუნია

1 აპრილი, 2020 • 954
ქვეყანაში არის 4 ათასი ანტისხეულზე და 2 ათასი ანტიგენზე დამყარებული ტესტი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არის  4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი. გარდა ამისა, იგეგმება კიდევ 2 000 ანტიგენ-ტესტის დამატება. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ამ დროისთვის ქვეყანაში 4 000 ანტისხეულზე დამყარებული ტესტია, რომელიც იმუნოგლობულინ M-ის და G-ის ერთდროულად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ასევე არის 2 000 სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი იმისთვის, რომ ეს ტესტი შესრულდეს. გარდა ამისა, ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენ-ტესტს, რომლის გაკეთებაც უკვე ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი და მისი გამოყენება მოხდება მარტივად, კლინიკების მიერ”, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, თითოეულ კლინიკაზე გამოყოფილია ლაბორატორია, რომელიც გააკეთებს საკონტროლო ტესტებს.

მისი განცხადებით, იგეგმება ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით 2 ადამიანის ტრენინგი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ამ ორი ადამიანის გადამზადება მოხდება ნაცხის აღების ტექნიკაში:

“ასევე იგეგმება ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით 2 ადამიანის ტრენინგი დაავადებათა კონტორლის ცენტრის მიერ და ეს ადამიaნები იქნებიან მომზადებული ნაცხის აღების ტექნიკაში, რათა მათ უსაფრთხოდ მოახერხონ ნაცხის აღება და გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები მას შემდეგ, რაც ეს ტესტები იქნება უკვე ხელმისაწვდომი ყველა კლინიკისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც უკვე ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების ტესტირებას”, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ახალი ალგორითმის მიხედვით, სიმპტომების არმქონე პაციენტების შემოწმება არ არის მიზანშეწონილი და გათვალისწინებული.

“ახალი ალგორითმით COVID-19-ზე ტესტირება სამი ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდებათ” – გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი