ახალი ამბები

“ახალი ალგორითმით COVID-19-ზე ტესტირება სამი ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდებათ” – გაბუნია

1 აპრილი, 2020 • 1401
“ახალი ალგორითმით COVID-19-ზე ტესტირება სამი ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდებათ” – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი ალგორითმით, ის ჯგუფები განისაზღვრა, რომელსაც COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტესტირება სამი ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდებათ. პირველი, ესაა სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას და დაკავშირებული არიან მოგზაურობის ანამნეზთან. ამასთან, აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები.

რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მოიცავს იმ პაციენტებს, რომლებიც მოგზაურობასთან არ არიან დაკავშირებული, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ:

“ალგორითმი ასევე ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა ე.წ. ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში, მისი შეფასება და მართვა”, – ამბობს გაბუნია.

მესამე კატეგორია კი, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება, ის პირები არიან, რომლებიც მაღალი რისკის მქონე კონტაქტებად მოიაზრებიან. ეს ჯგუფი მოიცავს სამედიცინო პერსონალს და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფ პირებსაც.

თამარ გაბუნიამ ასევე ისაუბრა ტესტირების მეთოდზეც. მისი თქმით, ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ალგორითმში ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი:

“ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე, ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის” ,- ამბობს თამარ გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი