ახალი ამბები

სახელმწიფო მოსახლეობის ნაწილს კომუნალურებს 3 თვით დაუფინანსებს

1 აპრილი, 2020 • 3333
სახელმწიფო მოსახლეობის ნაწილს კომუნალურებს 3 თვით დაუფინანსებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ თვის განმავლობაში, სახელმწიფო 3 თვით სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 1 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მეტრკუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი და მაისი – სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც” ,- განმარტა გახარიამ.

გახარიას თქმით, სახელმწიფო ასევე მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც დაეხმარებიან იმ პირებს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური დაკარგა:

“ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ ჩვენი მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, თუ მოქალაქე, ვთქვათ, მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე მეტ გაზს, მაშინ მას არ აუნაზღაურდება გაზის საფასური, თუმცა აუნაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი.

გარდა ამისა, თუ მოქალაქეები შეღავათით გათვალისწინებულზე მეტ გაზსა და ელექტროენერგიას მოიხმარენ, ისინი შეღავათით საერთოდ ვერ ისარგებლებენ.

“თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის 200 კუბური მეტრი გაზი დაახლოებით 90 ლარის ღირებულებისაა, რაც შეეხება ელექტროენერგიას, თელასის აბონენტებისთვის 200 კილოვატი ღირს დაახლოებით 30 ლარი.


საქართველოში კორონავირუსის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ობიექტების დიდი ნაწილი, მცირე გამონაკლისების გარდა, დახურულია, რის გამოც არაერთი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი