ვიდეომიმართვაში ელჩი ამბობს:
“თბილისს პირველად 1976 წელს ვესტუმრე. მაშინ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. მოუთმენლად ველი გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა მან სრულად განახორციელოს ევროატლანტიკური მისწრაფებები”.
11 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში იან კელიმ აშშ-ის ახალი ელჩის რანგში ფიცი დადო. ცერემონიას იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი უძღვებოდა.
იან კელიმ მთელი კარიერა დიპლომატიურ სამსახურში გაატარა. მისი რანგია მინისტრ-მრჩეველი. 2013 წლიდან ბოლო დრომდე ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი.
2000-04 წლებში ელჩი კელი იტალიაში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრეს-ატაშე იყო, ხოლო 1997-2000 წლებში – თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრეს-ატაშე. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინაციის ოფისში პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა.
უფრო ადრე ელჩ კელის ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოეთსა და იტალიაში აშშ-ის საელჩოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. 1985 წელს, დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ის ყოფილ საბჭოთა კავშირში, აგრეთვე ნიუ იორკის ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში რუსულ ენას ასწავლიდა. ელჩ კელის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი – ნიუვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო ხარისხი – კოლუმბიის უნივერსიტეტში.