ახალი ამბები

მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს გაკვეთილების შესახებ ინფორმაცია ტელეფონით მიაწოდოს

31 მარტი, 2020 • 1827
მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს გაკვეთილების შესახებ ინფორმაცია ტელეფონით მიაწოდოს

საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე ვერ შეძლებს ონლაინ-სწავლების პროცესში მონაწილეობას და არც ტელესკოლის პროექტზე მიუწვდება ხელი, მასწავლებელი ვალდებულია, მას ან მშობელს მიაწოდოს საშიანო დავალებების შესახებ ინფორმაცია სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით:

“იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინ-სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს  მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას,  მათ შორის,  სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან”, – აღნიშნულია დადგენილებაში.

გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ თითოეული ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინ-სწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულები არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი.

ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი ვალდებულია რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდეს კლასის დამრიგებელთან, რათა შეიტყოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ:

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს”, – წერია დადგენილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი