ახალი ამბები

პირველადი ჯანდაცვა COVID-19-ის წინააღმდეგ – სამინისტროს გეგმა

31 მარტი, 2020 • 4028
პირველადი ჯანდაცვა COVID-19-ის წინააღმდეგ – სამინისტროს გეგმა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში იდენტიფიცირებულია 40-მდე რაიონული კლინიკა, სადაც ე.წ. ცხელების ცენტრები შეიქმნება. ასევე, მისივე თქმით, გაიზრდება იმ ოჯახის ექიმების რაოდენობა, ვინც პაციენტებს COVID-19-ის თაობაზე კონსულტაციებს დისტანციურად გაუწევენ 112-ის გავლით.

ცხელების კლინიკები

საუბარია საავადმყოფოებზე, რომლებიც მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტების საწყის შეფასებას მოახდენენ. როგორც ცნობილია, მაღალი სიცხე კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დამახასიათებელი სიმპტომია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებით პაციენტების მიღებაზე და დიდ კლინიკებში ამისამართებდა:

” რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მიიღონ და გაუწიონ საწყისი შეფასება და ტრიაჟი იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს. სწორედ ამიტომ, უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით იმგვარად, რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ ცხელების მქონე პაციენტებს.

ასეთი კლინიკა არის ყველა რაიონულ ცენტრში. ჯამში, გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხდება და ამ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პაციენტი დროულად გადავამისამართოთ უახლოეს რაიონულ კლინიკაში”, – ამბობს თამარ გაბუნია დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ მზადყოფნაშია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დიდი კლინიკებიც, რომლებიც მობილიზებულნი არიან, რომ  COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მატების დროს მხოლოდ კორონვირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღონ:

“ასეთი [დიდი] კლინიკები იდენტიფიცირებულია თბილისში, ქუთაისში ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ანუ რეგიონულად დაფარვა არის საკმაოდ კარგი”, – ამბობს გაბუნია.

პირველადი ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული პერსონალის პანდემიასთან ბრძოლის მზადყოფნაზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბოლნისის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ექიმს მადლობა გადაუხადა, რომელმაც COVID-19-ის შემთხვევა ამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტორლის ცენტრის ტრენინგი არ გაუვლია,:

“მე პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მან იცოდა ჩვენი ვებგვერდიდან. მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა.

[მადლობა] ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, რომლისთვისაც ასევე პერსონალური ტრენინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ყველაფერი იცოდა და ასე იპოვეს ძლიან მნისვნელოვანი ერთი შემთხვევა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაიცას უწევენ საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეებს” ,- ამბობს იმნაძე.

სატელეფონო კონსულტაცია

რაც შეეხება სატელეფონო კონსულტაციას, ანუ იმას, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ ცხელებისა და სხვა სიმპტომების (ხველა და ა.შ.) მქონე პაციენტები ოჯახის ექიმს ტელეფონით. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე 112-ის მეშვეობით პაციენტებს თბილისში არსებულ 4 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებასთან ამისამართებენ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე ამ სერვისის გაფართოება იგეგმება, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, რადგან ვარაუდობენ, რომ ზარების რაოდენობა მოიმატებს:

“24 კლინიკაა იდენტიფიცირებული, კლინიკები მზად არიან, მათი ტრენინგი გუშინ პრაქტიკულად დასრულდა. ამ კლინიკებში კიდევ დაზუსტდება დამატებითი დეტალები და სისტემა ტესტირების შემდეგ სრულად იქნება მზად, რომ პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც ცხელების შემთხვევაში პაციენტის წუხილს უკავშირდება და მისცემს მას სწორ მიმართულებას: დარჩეს ბინაზე, დაუკავშირდეს ისევ სასწრაფოს, თუ საჭიროა პაციენტის გადაყვანა დაუყოვნებლივ ცხელების ან COVID-ის სამკურნალო კლინიკაში. პროტოკოლი მომზადებულია”, – ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ ონლაინ-კონსულტაციის რეჟიმში 100 ექიმი იქნება ჩართული. თუმცა უახლოესი ორი კვირის მანძილზე 2000-მდე ოჯახის ექიმის გადამზადებას გეგმავენ:

“კონკრეტულად ამ ონლაინ-კლინიკების მიზენიბისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველსაყოფად, ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ ყველაფერში, რაც უკავშირება უშუალოდ ონლაინ-კონსულტაციას, თუმცა, ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის ქსელში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის საერთო ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა. ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის გამართული.

ამდენად, ყველა ექიმს ექნება იმის საშუალება, რომ უშუალოდ კონტაქტი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექიმთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია და დახმარება. ეს პროცესი არის მიმდინარე და უკვე ორი კვირის მანძილზე სრულად მოხდება 2000-მდე ოჯახის ექიმის მოცვა. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე გამართულია და მუშაობს. ამდენად, მოსახლეობას შეუძლია კვლავ გააგრძელოს 112-ზე დარეკვა და მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. და ხვალიდან, ვფიქრობ ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება- სად, რომელ რეგიონში იქნება უკვე მზად სისტემა ზარების მისაღებად და ონლაინ-კონსულტაციისთვის”, – ამბობს გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი