ახალი ამბები

უზენაესმა გადადო სხდომა, სადაც საკონსტიტუციოს მოსამართლე უნდა დანიშნულიყო

31 მარტი, 2020 • 1382
უზენაესმა გადადო სხდომა, სადაც საკონსტიტუციოს მოსამართლე უნდა დანიშნულიყო

უზენაესმა სასამართლომ გადადო სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა დანიშნულიყო.

სხდომა დღეს, 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მასზე თავმდჯომარეს, პლენუმის თანდასწრებით, უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციოს მოსამართლე უნდა დაენიშნა. თავის მხრივ პლენუმი 24 მოსამართლისგან შედგება, რომელთა შორის არიან მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

„საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 31 მარტს, 15:00 საათზე დაგეგმილი პლენუმის სხდომა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო სხვა დროისათვის.

ინფორმაცია პლენუმის სხდომის თარიღისა და დროის შესახებ განთავსდება მოგვიანებით“, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გუშინ უზენაეს სასამართლოს დაუკავშირდა. მაშინ სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული.

ჩვენ მათ ვკითხეთ, ჩატარდებოდა თუ არა სხდომა მიუხედავად გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა, რაზეც გვიპასუხეს, რომ შეზღუდვები სახელმწიფო უწყებას არ ეხება.

დღეს, 31 მარტის 8 საათიდან, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, სხვა შეზღუდვებთან ერთად კი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, 3 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.

ვრცლად:

31 მარტს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოს მოსამართლეს დანიშნავს

მასალების გადაბეჭდვის წესი