საპროტესტო აქციაზე გლეხებთან შესახვედრად “რთველი 2015”-ის საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სიმონიშვილი მივიდა. მისი განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ყურძენი დამწიფდა, ქარხნები უკვე გახსნილია და ყურძნის ჩაბარება შესაძლებელია.
“ყველა იმ რაიონში, სადაც ყურძენი დამწიფდა ქარხნები ღია არის, პლუს ამას სახელმწიფო ქარხნებიც გახსნილია იმ შემთხვევისთვის, თუ კერძო კომპანიებში მოთხოვნილება დიდი არ იქნება, თუ ამ სოფელშიც ყურძენი მომწიფდება, ჩვენ აქაც გვაქვს დადებული ხელშეკრულება და ნებისმიერ რეგიონში შეგვიძლია გავხსნათ ქარხანა,”- განაცხადა გიორგი სიმონიშვილმა.
გლეხების უკმაყოფილებას გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ტელეკოპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ყველა ქარხანა ყურძნის მისაღებად მზადაა და რთველის ორგანიზების მხრივ ხარვეზები არ არსებობს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიან და მათ ვენახებიც კი არ აქვთ. დავითაშვილის თქმით, რთველი ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა და ქარხნები ყურძენს იღებენ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ყურძენი უკვე არის შესაბამიის კონდიციაში.
“რაც აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, რომ აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არშესული რთველის შესახებ გააკეთონ შეფასებები. ისევ ვამბობ მოსახლეობისთვის, სახეები, რომლებიც ჩანდნენ, არიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და ბევრ ამ ადამიანს არ გააჩნია ვენახიც კი. და ადამიანები, ვინც ხელისუფლებას მოუწოდებენ რაღაცებს, თავად უკრძალავდნენ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყურძნის მიღებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საფერავის ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 85 თეთრია, ხოლო რქაწითელის ჯიშის 70 თეთრზე ნაკლები არაა, თუმცა ეს არ არის საბოლოო ფასები, რადგან ხარისხიან ზონებში ყურძნის დაკრეფა ჯერ არ არის დაწყებული.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გლეხებთან შესახვედრად და მათთან დიალოგისათვის მზადაა, თუმცა, არა ასეთ ფორმატში.