ახალი ამბები

ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვა ბავშვებსაც ეხება

31 მარტი, 2020 • 2676
ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვა ბავშვებსაც ეხება

საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში პირადი ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვა ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზეც ვრცელდება.

როგორც “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს მთავრობის მიერ COVID-19-ის გამო შექნილ ცხელ ხაზზე (144) განუცხადეს, მცირეწლოვანი ბავშვი, ასაკის მიუხედავად, ერთ ადამიანად ჩაითვლება და იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, მშობლები ორ შვილთან ერთად იმოძრავებენ კერძო ავტომობილით, ეს საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევად ჩაითვლება.

საქართვლეოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი დღეს, 08:00 საათზე ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდა უკვე არსებული შეზღუდვები.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამ დროს ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ექნებათ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი