ახალი ამბები

31 მარტს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოს მოსამართლეს დანიშნავს

30 მარტი, 2020 • 1701
31 მარტს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოს მოსამართლეს დანიშნავს

მიუხედავად საყოველთაო კარანტინისა, ხვალ უზენაესი სასამართლო საკუთარი კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მაინც დანიშნავს. ინფორმაცია ნეტგაზეთს უზენაესში დაუდასტურეს.

ხვალ, 31 მარტს, 15:00 საათზე, დაიწყება სხდომა, რა დროსაც თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს დაასახელებს. ადგილზე იქნებიან პლენუმის მოსამართლეებიც.

უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პლენუმი 24 მოსამართლისგან შედგება, მათ შორის არიან: გიორგი მიქაუტაზე, მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

დღეს, 30 მარტს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 31 მარტის დილის 8 საათიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი დაიწყება. სხვა შეზღუდვებთან ერთად კი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, 3 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.

ნეტგაზეთმა ჰკითხა უზენაესს, ამ შეზღუდვის პირობებში, როგორ შეიკრიბება პლენუმი, რაზეც გვიპასუხეს, რომ მსგავსი შეზღუდვა სახელმწიფო უწყებებს არ ეხებათ.


30 მარტის საღამოს [20:57 საათის] მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 100 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 18. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 82 აქტიური პაციენტის შესახებაა ცნობილი ანუ იმ პირის, ვისაც ამ წუთებში ინფექცია ჯერ კიდევ აქვს და მკურნალობს.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი -266.

ხვალიდან, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

ვრცლად:

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი