ახალი ამბები

პროკურატურის მოწმის სადავო ჩვენება “კაბელების საქმეზე”

11 სექტემბერი, 2015 • • 1462
პროკურატურის მოწმის სადავო ჩვენება “კაბელების საქმეზე”

ჭოლოკავა შპს “სპეცკავშირმშენის” გენერალური დირექტორი და საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100 პროცენტის მფლობელია, თუმცა კომპანიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჭოლოკავასთან ვერ დაგვაკავშირებენ, რადგან მისი ნომერი არ იციან. “ეს ორგანიზაცია თითქმის დახურულია… და განაწილებულია საქკავშირმშენი”.

 

პროკურორ გუბელაძის მოსაზრებები ჭოლოკავას მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით სააგენტოებმა: IPN-მა და PIA-მ გაავრცელეს.

 

“ჭოლოკავამ განმარტა, რომ 2013 წლის დასაწყისში იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა და გააცნო იდეა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკომუნიკაციო ქსელი სრულიად უსასყიდლოდ ექნებოდა. კერძოდ, ავთანდილ ჭოლოკავას იდეა შემდეგში მდგომარეობდა: – დაგეგმილი ჰქონდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაკეთება და თავდაცვის სამინისტროსთვის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ მისთვის საჭირო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის წვერების მიცემა. აღნიშნული შეთანხმება როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე შპს “სპეცკავშირმშენისთვის” მომგებიანი იყო შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც ავთანდილ ჭოლოკავამ განმარტა, ვინაიდან შპს “სპეცკავშირმშენი” თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და შესრულებული ჰქონდა მისთვის ათეულობით სამუშაო, იცოდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მის მიერ დაგეგმილი მიმართულებების დიდ ნაწილზე არ ჰქონდა დაცული უსაფრთხო საკომუნიკაციო კავშირი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციასა და კავშირს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის ნათელი მაგალითი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მიტანის შემდეგ თავდაცვის სისტემა კავშირის გარეშე დარჩა, ამიტომ თავდაცვის სამინისტროს რაც უფრო მეტი კომუნიკაციის სარეზერვო ხაზი ექნებოდა, საკუთარი ფუნქციის შესრულებას მით უფრო ეფექტურად შესძლებდა. რაც შეეხება შპს “სპეცკავშირმშენის” დაინტერესებას ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერების თავდაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემაში, ავთანდილ ჭოლოკავამ განმარტა, რომ სახელმწიფო უწყების ჩართვა ზემოხსენებულ პროექტში მაგისტრალს სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენდა, გაიზრდებოდა მისი დაცულობის ხარისხი და, ამავდროულად, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან თანხმობების აღების პროცედურა დროში მნიშვნელოვანწილად შემცირდებოდა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის წვერების უსასყიდლოდ გადაცემა უმნიშვნელოდ აძვირებდა პროექტს, კერძოდ, 10 წვერის გადაცემის შემთხვევაში, მთლიანი პროექტი მაქსიმუმ 0,5%-ით გაძვირდებოდა. ვინაიდან აღნიშნული იდეა მომგებიანი იყო როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე შპს “სპეცკავშირმშენისთვის”, რა თქმა უნდა, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ალასანიასაც მოეწონა და ავთანდილ ჭოლოკავას შეპირდა, რომ საკონტაქტო პირს გამოყოფდა, რომელთანაც დეტალების დაზუსტება მოხდებოდა. მიუხედავად დაპირებისა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროდან ავთანდილ ჭოლოკავას არავინ შეხმიანებია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გენერალური შტაბის უფროსს და ჟ-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსს, ბრალდებულ ნუგზარ კაიშაურს შეხვდა, რომლებსაც ასევე გააცნო მისი გეგმის შესახებ. ამის შემდეგ ავთანდილ ჭოლოკავა სისტემატურად უკავშირდებოდა ნუგზარ კაიშაურს, თუმცა მისგან გამუდმებით ისმენდა, რომ ხელმძღვანელობას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. 2013 წლის 27 აგვისტოს კი თავდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის შპს “სპეცკავშირმშენს” გაუგზავნა მოთხოვნა, 9 დღის ვადაში წარედგინათ პროექტი და დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა თბილისი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით 420 კმ.-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგებასთან დაკავშირებით. ავთანდილ ჭოლოკავა ნუგზარ კაიშაურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რაში იყო საქმე, რაზედაც ნუგზარ კაიშაურმა მიუგო, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელში წვერები არ ჭირდებოდათ და საკუთრებაში მთლიანი მაგისტრალი უნდოდათ. გამოცხადებული სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვით თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გადაცემა საკუთრებაში მართლაც მოითხოვა, სხვადასხვა კომპანიებს გამოკითხა სწორედ მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება, თუმცა საბოლოოდ ხელშეკრულება სს “სილქნეტთან” გააფორმა და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერები შეიძინა, რაშიც 5 071 184 ლარი გადაიხადა, ანუ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ბრალდებულებმა, იცოდნენ, რომ შპს “სპეცკავშირმშენი” სრულიად უსასყიდლოდ გადასცემდა თავდაცვის სამინისტროს მათთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერებს, თუმცა მათ სს “სილქნეტს” 5 071 184 ლარი გადაუხადეს. შესაბამისად, მოწმე ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა- ნუგზარ კაიშაურმა, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, დავით წიფურიამ და არჩილ ალავიძემ სახელმწიფოს კუთვნილი თანხა გაფლანგეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ბრალდებულებს შეუძლიათ მოსალოდნელ განაჩენს და სასჯელს სამსახურში დაელოდონ”, – აცხადებს ზვიად გუბელაძე.

 

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პროკურორის ეს განცხადება ტყუილია. მისი თქმით, ჭოლოკავას არავითარი ოფიციალური შეთავაზება თავდაცვის სამინისტროსთვის არ გაუკეთებია:

 

“ბატონმა ჭოლოკავამ [სასამართლოზე] განაცხადა და ეს მანამდე მისი ჩვენებითაც იყო ცნობილი, რომ 2013 წლის ზაფხულში ის ბატონ ირაკლი სესიაშვილთან [თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი] ერთად შეხვდა ირაკლი ალასანიას და უთხრა: მის ორგანიზაციას ჰქონდა სურვილი, რომ გაეყვანა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი სხვადასხვა მიმართულებებით საქართველოში, რაზეც, როგორც თვითონ ამბობს, ირაკლი ალასანიამ უპასუხა, რომ ამ საკითით დაინტერესდებოდნენ. შემდეგში ის შეხვდა გენერალ კაპანაძეს, რომელიც გენშტაბის უფროსია. კაპანაძის თხოვნით ის შეხვდა ნუგზარ კაიშაურს, რომელიც დღეს ბრალდებულია და არის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი, მაგრამ როგორც ჭოლოკავამ თვითონვე დაადასტურა, მას ოფიციალურად საერთოდ არ მიუმართავს თავდაცვის სამინისტროსთვის, არც ერთი განცხადება არ შეუტანია. საქმეში წარმოდგენილია მისი განცხადება, მაგრამ ის არასად არ არის გაგზავნილი. ამ განცხადებაშიც არც ერთი ციფრი არ არის დასახელებული. იქ მხოლოდ კეთილი სურვილებია. ასევე წარმოდგენილია მემორანდუმი, რომელიც მას არავისთვის უჩვენებია და არსად შეუტანია, სადაც ასევე მხოლოდ იმ მაგისტრალის გაყვანის განზრახვაა ასახული, ყოველგვარი ციფრების გარეშე”, – ამბობს ადვოკატი.


მისივე თქმით, ჭოლოკავას სურდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მოეგვარებინა მაგისტრალის გაყვანისათვის ყველა საჭირო ნებართვის საკითხი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თითმმართველობების კომპეტენციაში შედის და არა თავდაცვის უწყების. სამაგიეროდ, ადვოკატის ინფორმაციით, ჭოლოკავამ თქვა, რომ მზად იყო გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ორი წვერი უსასყიდლოდ დაეთმო თავდაცვის სამინისტროსთვის:


“თუმცა ქ  მომსახურებაზეც არის საუბარი. [ოპტიკურ-ბოჭკოვან] მაგისტრალს  მომსახურება, ხომ სჭირდება?! მან დაადასტურა, რომ ამ მომსახურების სფეროში რაიმე გამოცდილება არ გააჩნია”, – აცხადებს ადვოკატი.

 

მისივე თქმით, ჭოლოკავას ჩვენებაში არ უწერია, თუ საიდან აპირებდა მაგისტრალის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების მოძიებას. “მან დაადასტურა, რომ ეს თავის დროზე არც მინისტრისთვის [ალასანია] და არც სესიაშვილისთვის უთქვამს”. თუმცა ბარათაშვილის განმარტებით, სასამართლოზე მოწმემ განაცხადა, რომ იგი კომპანია სუპერ TV-ს შუამავალი იყო.


 

“როდესაც ვკითხე, რატომ არ თქვი-მეთქი, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მე მინდოდა, რომ ჩემი კავშირები გამომეყენებინაო. ჭოლოკავამ თავისი თავი წარმოადგინა, როგორც სხვა კომპანიის შუამავალმა, იმ სხვა კომპანიაზეც [სუპერ ტვ] თვითონვე ამბობს, რომ თანხა არ გააჩნდათ და მათ კიდევ სხვა კომპანია უნდა მოეძებნათო, ანუ აქ ლაპარაკია ვირტუალურ განზრახვაზე, რომელსაც  დასაბუთება არ გააჩნდა. ჭოლოკავამ სასამართლოზე ასევე აღნიშნა, რომ მას [ბრალდებული] კაიშაურის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩდა. ეს მან პროცესზე დაადასტურა. დანარჩენ ბრალდებულებთან კი შეხება საერთოდ არ ჰქონია და ამიტომ არის გასაოცარი პროკურორის მტკიცება, რომ გაფლანგვის ფაქტს ადასტურებს ჭოლოკავა”, – ამბობს ბარათაშვილი და დასძენს, რომ სასამართლოზე ჭოლოკავამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იგი სწორედ თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობის კონტექსტში იყო გასამართლებული ფულის გათეთრების ბრალდებით.

 

“ახლა ამ განაჩენის გადასინჯვა სურს და ამისთვის მიმართული აქვს პროკურატურისთვის. შესაბამისად, სურს რეაბილიტაციის მოპოვება, ანუ ის დაინტერესებული პირიც არის პროკურატურისთვის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რაც მან  პროცესზე ილაპარაკ, ეს ყველაფერი იყო დაცვის მხარის სასარგებლოდ. მან ასევე თქვა, რომ ეს მაგსიტრალი შეიძლება ყოფილიყო სხვა კომპანიის და არა თავდაცვის სამინისტროსი”.

 

“იგივე ჭოლოკავამ გააკეთა სრულიად გამოგენებელი განცხადებები, რომ რუსეთმა კარგი საქმე გაუკეთა კავშირგამბულობის სფეროში 2008 წლის შემდეგ. ერთ-ერთი მაგისტრალი, რომელსაც ის თავდაცვის სამინისტროს სთავაზობდა, რუსეთის მიმართულებით იყო და როცა დაისვა შეკითხვა, რა გარანტია გქონდათ, ან თქვენ თუ გაქვთ რუსეთის მიმართულებით რაიმე კავშრებიო, მან თქვა, რომ კავშირები აქვს, მერე თქვა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა კარგი საქმე გააკეთა კავშირგაბმულობის სფეროშიო”.


ადვოკატის თქმით, საქმეზე, რომელიც ორშაბათიდან გაგრძელდება, დაიკითხებიან ირაკლი სესიაშვილი და ვახტანგ კაპანაძე. ამასთან, ადვოკატს უკვირს, თუ პროკურატურას შეკითხვები გაუჩნდა ირაკლი ალასანიას მიმართ ჭოლოკავას ჩვენებიდან გამომდინარე, რატომ არ მოითხოვეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვა. მისივე ინფორმაციით, ალასანია მოწმეთა სიაში არ არის.


ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე თავდაცვის სამინისტრომ კომპანიის შერჩევა დაიწყო, ჭოლოკავას მიერ დასახელებულმა კომპანიამ სხვებზე ძვირი, 12-13 მილიონი ლარი მოითხოვა.


“როდესაც ვკითხეთ, თუ  სუპერ ტვ-ს და თქვენ გინდოდათ [ამ პროექტის განხორციელება], რატომ არ დაადგინეთ ხსენებული სახით [თქვენი წინადადება-მეთქი], გვიპასუხა, რომ ეს არ იყო რეალური პროექტიო. 

 

… არანაირი ციფრი, გათვლა, ხარჯთაღრიცხვა არ ჰქონდა და პირადი კავშირების მეშვეობით ჰპირდებოდა იმ კომპანიას, რომ ამ საქმეს გააკეთებდა, ეს მხოლოდ პერსპექტიული მონახაზი იყო”, – ამბობს ბარათაშვილი.


 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი