ახალი ამბები

კორონავირუსი: გაიზარდა თუ არა ცხოველთა თავშესაფარში ჩაბარების მაჩვენებელი საქართველოში

30 მარტი, 2020 • 988
კორონავირუსი: გაიზარდა თუ არა ცხოველთა თავშესაფარში ჩაბარების მაჩვენებელი საქართველოში

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში,  30 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 98 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის პარალელურად, ცხოველთა ზოგიერთი თავშესაფარი ამბობს, რომ პატრონები უფრო ხშირად ამბობენ უარს თავიანთ შინაურ ცხოველებზე.

ერთ-ერთი მათგანი „ელიზბარაშვილის თავშესაფარია“. განცხადებაში, რომელიც მათ ფეისბუკზე გამოაქვეყნეს,  წერია, რომ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, ბევრი ოჯახი თავშესაფარში ძაღლის ჩაბარების თხოვნით მიმართავს.

„ზოგი მიზეზად ასახელებს შიშს, რომ შეიძლება ძაღლმა კორონავირუსი შეიტანოს სახლში, ზოგი კი, უმუშევარი დავრჩი და ვეღარ ვინახავო.

მინდა კიდე ერთხელ დარწმუნებით გითხრათ, რომ ძაღლი არ არის კორონავირუსის გამავრცელებელი.
სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენილებს კი ვურჩევ, ჯობია, თქვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი მშიერი იყოს , ვიდრე თავშესაფარში დარდისაგან მოკვდეს“, – წერია თავშესაფრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს, რომლის უფროსმაც, ვახტანგ ლომჯარიამ გვითხრა, რომ მსგავსი ტენდენცია აქ ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

„დღეს რისი თქმაც შეიძლება, არის ის, რომ ჩვენთან მოქალაქეების მიმართვიანობა 40-50%-ით შემცირდა. თუ ადრე დღეში საშუალოდ 180-200 ზარი ფიქსირდებოდა, ახლა 80-100 ზარამდე ვართ ჩამოსული.

რაც შეეხება პატრონების მხრიდან ჩაბარებას, ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ასეთ მოკლე დროში, ზოგადად, შეუძლებელია რაიმე კონკრეტულის თქმა, მაგრამ ასეთი ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა. ასევე, ქუჩაში გამოგდებასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი დაკარგული ძაღლი არ შემოდის, ვიდრე მანამდე“, – ამბობს ვახტანგ ლომჯარია.

კითხვაზე, აჰყავთ თუ არა მოქალაქეებს პანდემიის გამო თავშესაფრიდან ცხოველები უფრო ხშირად, ვიდრე აქამდე, ლომჯარია გვპასუხობს, რომ ყოველწლიურად თავშესაფარი 700 ძაღლს აჩუქებს, თუმცა „ასეთ მოკლე დროში რაიმე სტატისტიკაზე საუბარი ჯერჯერობით არ შეგვიძლია“.

მისივე განმარტებით, ცხოველების ჩაბარება/აყვანაზე სხვა გარე ფაქტორებიც ზემოქმედებს, მათ შორის, წელიწადთა დროების ცვლა.

საქართველოსგან განსხვავებული სიტუაციაა სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ნიუ-იორკში — აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრში, ძაღლებისა და კატების თავშესაფრებში ცხოველების აყვანის განაცხადებმა მკვეთრად იმატა.

წაიკითხეთ ასევე ჩვენი სტატია არქივიდან. სტატია 4 მარტით თარიღდება.

კორონავირუსი შინაურ ცხოველებზე არ გადადის, თუმცა, მათ სხვა საფრთხე ემუქრებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი