ახალი ამბები

პრემიერი: ELBIT Systems-ის საქართველოში დაბრუნება პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს

7 სექტემბერი, 2015 •
პრემიერი: ELBIT Systems-ის საქართველოში დაბრუნება პირადად ჩემთვის ბევრს ნიშნავს

მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ პროექტის დაწყება მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

“ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems – Cyclone-ის პარტნიორობით. ELBIT Systems გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება,“–აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი განცხადებით, კომპანია ELBIT Systems, რომელსაც “წინა ხელისუფლების დროს პრობლემები უსამართლოდ შეექმნა, დღეს საქართველოში ბრუნდება”.

 

“ის, რომ ეს კომპანია ბრუნდება საქართველოში, ეს ჩემთვის პირადად ბევრს ნიშნავს და ჩემი მთავრობისთვის. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი. მე ვიცი, რომ საააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი მუშაობს კიდევ 15 პროექტზე, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა ორ მილიარდ დოლარამდეა. საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

 

“სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები იქნებიან ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა Boeing, Bombardier, Sukhoi, Airbus, კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დამზადდება. საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთაც ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები გადაამზადებენ”, – აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ ისრაელიდან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების სამართავი კოდები 2008 წელს რუსეთის ხელში საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა, სწორედ ამის გამო დაიწყო საქართველომ საკუთარი საომარი ტექნიკის დამზადება. 

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიყიდეთ ისრაელიდან უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან საეჭვო გარემოებებში მათი კოდი გახდა ცნობილი მოწინააღმდეგისთვის, რომელთაც ის ჩამოგვიყარეს, მერე მივხდით, რომ არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და შევქმენით ჩვენი აპარატი, ჩვენით გამოვცადეთ და ძალიან ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, რომ არავისზე არ ვიყოთ დამოკიდებული და საკუთარი ხელით ვაკეთოთ ბევრი რაღაც,” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

2008 წელს საქართველოს სამხედრო ტექნიკით სწორედ Elbit Systems უზრუნველყოფდა. სივილ.გეს ინფორმაციით, საქართველოს Hermes 450 ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები ჰქონდა ნაყიდი კომპანიისგან . როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილშ იგანაცხადა, საქართველოს დაახლოებით 40 ამგვარი საფრენი აპარატი ქონდა. მათგან სულ ცოტა სამი (თუმცა აფხაზური მხარის მტკიცებით სულ შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.

 

 

ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა სააკაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ  მასთან პირადად ამ საკითხზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, ეს ისტორია “ვიკილიქსის” მეშვეობით გავრცელდა და ჭორია. 

 

 

“ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის ჭორი და ძალიან საეჭვო ინფორმაცია. ამის მიუხედავად, ისრაელმა მაინც გამოიძია ეს საკითხი და ჩაატარა სრული გამოძიება და ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ოფიციალური პასუხი საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და არა მხოლოდ ოფიციალურ უწყებებს… ეს ჭორი გავრცელდა 2012 წლის თებერვალ–მარტში და მარტის ბოლოსვე ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს პასუხი ქართულ მხარეს. ეს იყო ოფიციალური პასუხი, რომლის მიხედვითაც, არაფერი მსგავსი, რაც გაავრცელა “ვიკილიქსმა”, არ დასტურდება ფაქტებით. ვიმეორებ, არაფერი მსგავსი არ დასტურდება”,-ამბობს ფუქსი.


მასალების გადაბეჭდვის წესი