საბროკერო კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ (Galt & Taggart) საქართველოს ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ სამ შესაძლო სცენარს აქვეყნებს — ოპტიმისტურს, შუალედურსა და პესიმისტურს.
- საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა მხოლოდ პირველ სცენარში უნარჩუნდება, რისი ალბათობაც მხოლოდ 10%-ია. ეს იმ დაშვებაზეა დაფუძნებული, რომ ვირუსის სრულ კონტროლს ქვეყანა აპრილ-მაისში მიაღწევს, ასევე იმაზე, რომ ეკონომიკური ვარდნა მარტი-მაისის პერიოდში შეჩერდება და ივნისიდან ეკონომიკური აქტივობა გამოცოცხლდება. ასეთ შემთხვევაში, წლიური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 2.1% იყოს.
- მეორე, შუალედური სცენარით, თუკი ვირუსის შეკავება აპრილ-მაისში მოხერხდა, თუმცა ოქტომბერში ხელახლა გავრცელდა, მარტი-მაისის პერიოდში ეკონომიკური ვარდნა იქნება, ივნის-სექტემბერში აქტივობა გამოცოცხლდება, თუმცა ოქტომბრიდან ისევ ვარდნა იქნება. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდება. მოვლენების ამ სცენარით განვითარების ალბათობად კომპანიას 50% აქვს განსაზღვრული.
- მესამე სცენარი ასეთია: ვირუსის გავრცელება 2020 წელს ვერ შეჩერდა, ეკონომიკური ვარდნა წლის ბოლომდე გრძელდება, რაც ჯამში ეკონომიკის 6%-იან შემცირებას მოიტანს. ამ სცენარის ალბათობა 40%-ია.
ორგანიზაციის ნავარაუდები რიცხვების შეჯამებით, ალბათობა იმისა, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ნულს ქვემოთ ჩავიდეს [და ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია იყოს], 90%-ია.
რეცესია ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან კლებას ნიშნავს: ამ დროს იკლებს მთლიანი შიდა პროდუქტი, შემოსავლები, დასაქმება, წარმოება და საცალო გაყიდვები.
როგორც კომპანია წერს, COVID-19-ის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ მყისიერი ნეგატიური ეფექტი უკვე იქონია საქართველოში სასტუმროებზე, რესტორნებზე, სავაჭრო ცენტრებზე, გართობა/დასვენების სფეროსა და ტრანსპორტზე;
დაყოვნებული ნეგატიური ეფექტი, ორგანიზაციის თანახმად, გამოვლინდება საფინანსო, მშენებლობის, უძრავი ქონების, ვაჭრობის, წარმოების და განათლების სექტორებზე;
Galt and Taggart-ის თანახმადვე, შექმნილ ვითარებას დადებითი ეფექტი ექნება ჯანდაცვის, ფარმაციის, ელექტრონული ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციების და შიდა ტურიზმის სექტორებზე.
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ „გალტ ენდ ტაგარტის“ მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტის მოკლე შეჯამებას:
თავდაპირველად ავტორები მოკლედ მიმოიხილავენ ვითარებას მსოფლიოში, ასევე, ქვეყნების მზაობას გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის (GHS) მიხედვით და მიუთითებენ, რომ საქართველო ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს უტოლდება და 195 ქვეყნიდან 42-ე ადგილს იკავებს.
იქვე განხილულია ის ძირითადი ზომები, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა და მარნეულის კარანტინი; ასევე, ის ღონისძიებები, რაც კონომიკის სტიმულირებისთვის გამოაცხადა მთავრობამ. კერძოდ:
სწორედ ამის შემდეგ არის მოყვანილი ის სამი სცენარი, რაც სტატიის დასაწყისში უკვე განხილულია:
სამ სცენარს მიჰყვება მოსალოდნელი წლიური დანაკლისი — უცხოურ ინვესტიციებში, გზავნილებში, ექსპორტსა და ტურიზმში:
ამ დანაკარგის კომპენსირებას „გალტ ენდ თაგარტის“ მკვლევრები ასე ხედავენ:
- 1.7-დან 2.6 მლრდ აშშ დოლარამდე — საქონლის იმპორტის შემცირებით;
- 0.2-დან 0.5 მლრდ აშშ დოლარამდე — დანაზოგი საზღვარგარეთ მოგზაურობის შეწყვეტიდან;
- 0.2-დან 0.4 მლრდ აშშ დოლარამდე — ეროვნული ბანკის ინტერვენციებით;
- მინიმუმ 1 მლრდ აშშ დოლარი — საგარეო დაფინანსებით;
სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
გირჩევთ, წაიკითხოთ:
რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად