ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეების შესახებ

7 სექტემბერი, 2015 •
პრეზიდენტი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეების შესახებ

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართეს. სახელმწიფოს მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მნიშვნელობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფრთხეებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული ტრაგედია სწორედ 7 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაგირების ლოგიკური გაგრძელებაა.


“ლოგიკურია, რომ დღეს ეს ღონისძიება ტარდება საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ექვსი წლის წინ ევროპის სტაბილურობა ეჭვქვეშ დადგა. საუაბრია 2008 წლის აგვისტოზე, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. დღეს კი ევროპული დამოუკიდებლობა და სტაბილურობა ღია საკითხად რჩება. საგარეო პოლიტიკის მხრივ მოსკოვიდან აშკარა და გაცხადებული გზავნილი მოდის, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მეზობლები რუსეთის ფედერაციის ზონაში იმყოფებიან. პოლიტიკოსები რუსეთიდან მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყანაში საკითხების გადაჭრა ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ, მათ შორის არის სამხედრო გზა. რუსეთის ამგვარ მიდგომაზე პასუხს ჯერ ვერ ვხედავ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს შორის დისკუსია გაიმართა. დისკუსია საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ქვეყნის სამომავლო სტრატეგიას შეეხო.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მკაცრი საგარეო ზეწოლისა და ქვეყნაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეძლო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და განვითარება. მისი თქმით, მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, დღეს საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილია. საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების,პოლიტიკური პარტიების, აშშ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი