ახალი ამბები

ქართველი ემიგრანტები ნიდერლანდებში დარჩენილ თანამემამულეებს ეხმარებიან

26 მარტი, 2020 • 1420
ქართველი ემიგრანტები ნიდერლანდებში დარჩენილ თანამემამულეებს ეხმარებიან

ამსტერდამი-თბილისის ავიარეისის გაუქმების გამო თოთხმეტმა მგზავრმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში ისინი სასტუმროში დააბინავა. მათი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ემიგრანტების ნაწილი გაერთიანდა და ფინანსების მობილიზება დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ ფონდ “World of Diaspora”-ს დამფუძნებელმა, ნიდერლანდებში მცოხვრებმა ლალი ბუთბაიამ განუცხადა, შეგროვილი თანხის ნაწილი თანამემამულეებს გადაეცათ. თანხის ნაწილით კი შეიძენენ საჭირო ჰოგიენურ ნივთებს, საკვებსა და ტანსაცმელს.

„მე ექვსი გაერთიანებული მერიის იურიდიული მრჩეველი და მუნიციპალიტეტის საგადასახადო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვარ. ჩემს სამსახურში კორონავირუსი დაუდგინდა თანამშრომელს. ამიტომ, თვითიზოლაციაში ვარ. თბილისის ავიარეისის გაუქმების გამო, ჩვენი თანამემამულე მგზავრები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. ჩემი და თანამოაზრეების ინიციატივით კრიზის-ჯგუფი შეიქმნა. ჩვენმა საელჩომ ისინი სასტუმროში დააბინავა, თუმცა ფულად დახმარებაზე და საჭირო ნივთების შეძენაზე ჩვენ ვზრუნავთ. მადლობა მინდა გადავუხადო საელჩოს, საკონსულოს და ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართველებს, ვინც ამ რთულ პერიოდში გულისხმიერება გამოიჩინა.

რამდენიმე საათში 2 000 ევრო უკვე შეგროვდა. დღესაც ველოდებით ფინანსურ დახმარებას. თორმეტ ჩვენს თანამემამულეს უკვე დავეხმარეთ. ახლა ის დროა ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ“, – განაცხადა ლალი ბუთბაიამ.

როგორც World of Diaspora-ს დამფუძნებლი აცხადებს, რომ გახსნილია „ფეისბუქ-ჩატი“, სადაც გაწევრებულები არიან ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, ემიგრაციაში მყოფი იურისტი, ექიმი, ფსიქოლოგი და სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან გასაჭირში მყოფ თანამემამულეებს.

ნიდერლანდებში ჩარჩენილთა დასახმარებლად გახსნილია შემდეგი ანგარიში: Bunq Bank, IBAN: NL16BUNQ2041942509 Stichting World of Diaspora

მასალების გადაბეჭდვის წესი