ახალი ამბები

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

4 სექტემბერი, 2015 •
პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

კანონპროექტის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონმდებლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი აბაშიშვილმა  წარუდგინა. მისი განმარტებით, გამომდინარე პროექტები მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს და კანონების არსებული სახით ძალაში დატოვებას ითვალისწინებს. 

 

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანმდევ პროექტებთან დაკავშირებით პარლამენტმა არ გაიზიარა.

 

რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კანონპროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანმდევ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 81 ხმით 12-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნება. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი შვიდი დღის ვადაში უნდა მოაწეროს. თუ პრეზიდენტი კანონპროეტს ხელს კვლავ არ მოაწერს, დოკუმენტს იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ მიეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი