ახალი ამბები

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სწრაფი დახმარების შესაძლებლობას განიხილავს

26 მარტი, 2020 • 1262
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სწრაფი დახმარების შესაძლებლობას განიხილავს

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს უთხრა, რომ ბანკი ქვეყნისთვის სწრაფი და ეფექტიანი დახმარების ვარიანტებს განიხილავს.

“ADB [აზიის განვითარების ბანკი] მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად”, – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო.

“პრეზიდენტმა ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა პანდემიის წინააღმდეგ მტკიცე საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ეს ნაბიჯები საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას”, – წერია განცხადებაში.

ასევე, განცხადების მიხედვით, აზიის განვითარების ბანკმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დასახმარებლად 18 მარტს 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო საწყისი ნაბიჯებისთვის. გარდა ამისა, ADB მზადაა, საჭიროებისამებრ, ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი